„საქართველოს ეკონომიკური წინსვლა უდავოდ არის ჩვენი ევროინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა და ამ მიმართულებით თქვენი სამინისტროს საქმიანობა არის მთავარი ღერძი მთავარი მიზნის მისაღწევად“, - მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის სხდომაზე ინტერპელაციის წესით მოწვეულ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს.
მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ასპექტებზე, როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, „დღეს საქართველო ელის პასუხს ევროკავშირისგან, რომ ქვეყანას გაუჩნდეს პერსპექტივა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამავდროულად წარმატებით ვასრულებთ ასოცირების შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის მთავარი საფუძველია“.
დეპუტატმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იმ შედეგებზე, რაც საქართველოს მიერ 2014 წლიდან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების გატარებამ მოუტნა საქართველოს.
„შედეგად დღეს უკვე სახეზე გვაქვს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები მზარდია და ბევრად მეტი შესაძლებლობა გაჩნდა იმისათვის, რომ უკეთ მოხდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით მონიჭებული შესაძლებლობების გამოყენება. თუმცა, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა რამდენადაც ხელსაყრელია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ქონდეს უნიკალური სატრანზიტო პოტენციალი, იმდენად ფიზიკური საზღვრის არქონა დამატებით ბარიერებს ქმნის საქართველოს ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმება იმ ძალისხმევას, რასაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აკეთებს შავი ზღვის პოტენციალის უკეთ გამოსაყენებლად.
„ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მხრიდან დახმარება, რომ შავი ზღვა იყოს არა გამყოფი, არამედ დამაკავშირებელი ზღვა ევროკავშირთან.
პოტენციალი არის ნამდვილად დიდი, ამას სჭირდება მეტი ინვესტიცია, მეტი ჩართულობა ევროკავშირის მხრიდან. მე მოხარული ვიქნები თუ ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ, განსაკუთრებით ევროკავშირის იმ ქვეყნებთან, რომლებიც შავ ზღვასთან არიან დაკავშირებული და გავაერთიანებთ ძალისხმევას ევროკავშირის ინტერესის გასაზრდელად.
დღეს ჩვენ გვჭირდება მეტი ბიზნეს კავშირები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და მეტი ერთობლივი ინიციატივები. ეს არის ის, რაც შეცვლის სურათს საქართველოს ეკონომიკაში და ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის კუთხით. გაზრდის საქართველოსადმი ინტერესს და ნდობას ევროპული ბიზნეს საზოგადოების მხრიდან, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირების მეტად განვითარებას. აქ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ საქართველოს 2014 წლიდან დღემდე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთნხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით აქვს შთამბეჭდავი პროგრესი, ეს კი უკავშირდება საკმაოდ შრომატევადი და რთული რეფორმების წარმატებით გატარებას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მინისტრს და სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ საქართველო მიუხედავად ჩვენს წინაშე მდგარი გამოწვევებისა იყოს მოწინავე გატარებული რეფორმების კუთხით.