„მიმდინარე წლის მარტი-აპრილის პერიოდში, ექსპორტის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა - მარტში ექსპორტი 26.3%-ით, ხოლო აპრილში 10%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდშიც ექსპორტის მაღალი ზრდა დაფიქსირდა. 2022 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი გაიზარდა 32.8 პროცენტით და 1,587.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ადგილობრივი ექსპორტის ზრდა, რომელმაც იანვარ-აპრილში 37.1 პროცენტი შეადგინა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი შემცირდა უკრაინასა და რუსეთში, ზრდა გვაქვს აშშ-ში, ბულგარეთში, შვეიცარიაში, თურქეთში და მეზობელ ქვეყნებში. ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია ფეროშენადნობი, ქიმიური მრეწველობის, წიაღისეულის და მსუბუქი მრეწველობის პროდუქცია.