ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დეპუტატ ხატია დეკანოიძის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობას ეხებოდა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ინტერპელაციის კითხვა დაისვა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც პენიტენციურ სამსახურში ტარდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის კუთხით. თუმცა, კითხვის დაზუსტებისას დეპუტატი მხოლოდ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით დაინტერესდა.
რატი ბრეგაძემ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე დეტალურად ისაუბრა:
„დღესდღეობით პენიტენციურ დაწესებულებებში გვაქვს 10525 სტანდარტის შესაბამისი ადგილი, სადაც განთავსებულია 9430 მსჯავრდებული. შესაბამისად, ყველა სტანდარტი არის დაცული... ახალი სტანდარტის, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორგებული 48 მენიუ შემუშავდა პატიმრებისთვის, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვას, ყველა დაწესებულებაში მოქმედებენ პირველადი ჯანდაცვის გუნდები და 2021 წელს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანილ იქნა 5522 პატიმარი“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედებს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები – ტუბერკულოზის, აივ-ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის ელიმინაციის და სხვ. ყველა დაწესებულებაში ხელმისაწვდომია ფსიქიატრის კონსულტაცია, რამაც შესაძლებელი გახადა 700-მდე პატიმრის გამოყვანა სუიციდური კრიზისიდან.
„2011 წელს გარდაცვლილი პატიმრების რაოდენობა იყო 144, დღეს ეს მონაცემი ზუსტად 7-ჯერ არის შემცირებული. სამწუხაროდ, 2021 წელს გარდაცვლილი იყო 20 პატიმარი, აქედან 12 – სამოქალაქო კლინიკაში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.