იუსტიციის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა ადამიანის უფლებებზე მორგებულ ცვლილებებზე, რომლებიც პენიტენციურ სისტემაში ხორციელდება. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი სიახლეა ციფრული უნივერსიტეტის პროექტი, რომელიც განათლების სამინისტროსთან ერთად განხორციელდება.
„აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგადაც მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ დისტანციური სწავლების მეთოდით უმაღლესი განათლება – ორივე საფეხური, როგორც ბაკალავრიატის, ისე სამაგისტრო პროგრამები – გაიარონ საქართველოში აკრედიტებულ უნივერსიტეტში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ, რომლის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას, ისე განათლების უფლების სრულფასოვნად რეალიზებას.
იუსტიციის მინისტრმა კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას ხაზი გაუსვა იმას, რომ ყველა პენიტენციური დაწესებულება აღჭურვილია შესაბამისი ბიბლიოთეკებით, სადაც მუდმივ რეჟიმში ხდება წიგნადი ფონდის განახლება.