დიასპორული ფორუმის ფარგლებში, გაიმართა თემატური პანელი დიასპორის როლზე უცხოეთში ქართული კულტურის წარმოსაჩენად.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სესიაზე - „კულტურული დიპლომატია“ მომხსენებლებმა ისაუბრეს ქართული დიასპორის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქვეყნის მდიდარი შემოქმედებითი პოტენციალის საერთაშორისო აღიარების, ცნობადობის გაზრდის და ქართული კულტურის პოპულარიზაციის პროცესში.
„სესიაზე საუბარი შეეხო, ასევე, უცხო ქვეყნებში მყოფი ქართველი ახალგაზრდების პოტენციალს, მათი რესურსის ქვეყნის საკეთილდღეოდ მიმართვის შესაძლებლობებს.
თემატურ პანელზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისტორიული დიასპორისა და თანამედროვე ემიგრაციის გამოცდილების შერწყმასა და გაზიარებას კულტურული დიპლომატიის განვითარების თვალსაზრისით.
დიდი ყურადღება დაეთმო თანამედროვე ემიგრაციის მოღვაწეობის საჭიროებას საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის წარმოჩენის მნიშვნელობის თვალსაზრისით.
ცალკე სამუშაო სესია მიეძღვნა კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებს და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების რესურსის გამოყენებას ამ მიმართულებით. პანელზე -„ციფრული დიასპორის“ მომხსენებლებმა იმსჯელეს საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მზარდი გამოყენების და სოციალური მედიის გავრცელების ახალ, ინოვაციურ შესაძლებლობებზე, მათ შორის დიასპორასთან ურთიერთობის განვითარების კონტექსტში. სესიაზე განიხილეს ის ინოვაციური მიდგომები და ახალი ტექნოლოგიები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება დიასპორასთან მდგრადი თანამშროლობა, უწყვეტი კომუნიკაცია, სერვისების მიწოდება და ქვეყნის განვითარების პროცესში დიასპორის ჩართულობა.
თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - “ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის" 2022 წლის 27 მაისს გაიხსნა.
ფორუმი მიზნად ისახავდა სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს სახელმწიფოს მიერ ქართული დიასპორის მიმართ არსებული სტრატეგიისა და პროგრამების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობას, ამავდროულად, დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას, ერთობლივი გზების დასახვას ჩვენი თანამემამულეების ცოდნის, პროფესიული გამოცდილებისა და პოტენციალის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებისა და საქართველოს განვითარებაში დიასპორის ჩართულობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.