logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: მზად ვარ „ცენტრისტების“ აკრძალვაზე როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაციონალების“ სარჩელებს მხარი დავუჭირო
- +

15 აგვისტო. 2016. 18:19


 

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ იგი მზად არის, „ცენტრისტების" აკრძალვის თაობაზე როგორც „ქართული ოცნების", ისე „ნაციონალური მოძრაობის" საკონსტიტუციო სარჩელს მხარი დაუჭიროს და მათ „რესპუბლიკელების" მიერ მომზადებული მზა სარჩელი გადასცეს, იმისთვის, რომ სარჩელი გამყარდეს არგუმენტებით, ფაქტებით და პოზიციებით.

 

„ინიციატივა, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში ჩაიწეროს, რომ ქართველი ერი ისწრაფვის ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემებში სრულფასოვანი ადგილის დამკვიდრებისთვის დემოკრატიული სახელმწიფოების გვერდით, არის საჭირო. ეს არ არის ჩემი მოგონება, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, გამოხატული ბევრ არჩევნებში, ბევრ გამოკითხვაში. ეს საკითხი პარლამენტში შემავალმა პოლიტიკურმა ძალებმა, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ერთი თვის წინ, საჯარო დეკლარაციით კიდევ ერთხელ დავადასტურეთ. ამიტომ, მე მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მივმართო, რომ მართლაცდა გავთავისუფლდეთ წინასაარჩევნო კამპანიის გარკვეული ნიუანსებიდან და ის, რაც ქვეყანას სჭირდება, გავაკეთოთ ერთად. ეს რომ არ იყოს ჩემი მხრიდან ცარიელი სიტყვები, ამის დასტურად მე ვაცხადებ, რომ ერთ-ერთი პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის თაობაზე სკაონსტიტუციო სარჩელს, თუ იგი იქნება შეტანილი პარტია „ქართული ოცნების" პარლამენტის წარმომადგენლების მხრიდან, მზად ვარ, შევუერთდე; მე მზად ვარ შევუერთდე, თუ ეს სარჩელი, იმავე მოთხოვნით, იქნება „ნაციონალების" მხრიდან გაკეთებული. ჩვენ „რესპუბლიკელები მზად ვართ, გადავცეთ კოლეგებს ჩვენ მიერ მომზადებული სარჩელი იმისთვის, რომ გამყარდეს ის სარჩელი არგუმენტებით, ფაქტებით და პოზიციებით. ეს არის ჩვენი საერთო საქმე და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივებს, მიუხედავად იმისა, ჩვენ რომელ საათზე ვთქვით ეს, რა გავიდა ეთერში, რა არ გავიდა. საქმე იმაშია, რომ ქვეყანაში არ შეიძლება ფუნქციონირებდეს პოლიტიკური პარტია, რომელიც ასე ღიად და აშკარად გამოდის ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. წერტილი, აღარ სჭირდება ამას ზედმეტი განხილვები იმის თაობაზე, ვინ პირველი იყო, ვინ - მეორე. „რესპუბლიკელებიც" ვიყავით პირველთა შორის, ვინც გამოვაცხადეთ ეს საკითხი, მაგრამ მზად ვართ, შევუერთდეთ სხვების ინიციატივებს და გადავცეთ მზა სარჩელი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


მისივე თქმით, სანაცვლოდ არაფერს ითხოვს, მხოლოდ ელის, რომ ქვეყნის სტრატეგიული არჩევანის საკითხზე ის ერთიანობა, რომელიც არის მიღწეული შენარჩუნებული და საკონსტიტუციო ჩანაწერის სახით გავრცობილი იქნება.

 

„მე ველი იმას, რომ ქვეყნის სტრატეგიული არჩევანის საკითხზე, ის ერთიანობა, რომელიც არის მიღწეული, იქნება შენარჩუნებული, გაგრძელებული და განვრცობილი საკონსტიტუციო ჩანაწერის სახითაც. დიახ, დღეს არის საჭირო, როდესაც ვხედავთ მომრავლებას ამ ტიპის იდეების. იქნება ეს ბლოკი თუ უბლოკო, არ ვიცი, პენსია რუსული თუ სხვა", - აღნიშნა უსუფაშვილმა.


რაც შეეხება ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ „რესპუბლიკელების" ინიციატივა წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება, უსუფაშვილი პასუხობს, რომ დღეს ყველა პოლიტიკიკური პარტია წინასაარჩევნო კამპანიაშია, მაგრამ ამ დროს არ იცვლება მოვალეობა, ვუპატრონოთ ჩვენს სახელმწიფოს და სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ.

 

„წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში შეგვიძლია ნებისმიერი სიტყვა, გავლა-გამოვლა პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის თუ სხვა პოლიტიკური ლიდერის, წინასაარჩევნო კამპანიით ავხსნათ. წინასაარჩევნო კამპანიაში დიახაც, ყველაზე მკაფიოდ, ნათლად უნდა გამოიკვეთოს პოზიციები და ამ პოზიციების გამოკვეთაში პოლიტიკურმა პარტიებმა საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ ჩვენი განსხვავებებიც და ერთიანობაც იმ საკითხებში, რომელიც სრულიად საქართველოს ეხება. ჩვენ ჩვენს სახელმწიფოს ვჭირდებით მთლიანად და არა ნაწილ-ნაწილ. მე არ ვსვამ კითხვის ნიშანს იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში არის წინასაარჩევნო ტრიუკი. მე მჯერა, რომ იმ ხალხს, ვინც ხელს მოაწერს დოკუმენტს, მართლა უნდა, რომ საქართველოში არ არსებობდნენ პარტიები, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობას უქმნიან საფრთხეს. მე მინდა მჯეროდეს, რომ ადამიანები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე, ღიად და გულწრფელად დაუჭერენ მხარს იმას, რაც მე მოგახსენეთ. ზეგ თუ ვინმე სხვა გამოვა ქვეყნისთვის სასარგებლო ინიციატივით, ასევე, მზად ვარ, მხარი დავუჭირო", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner