logo_geo
eng_logo
მეუფე შიო: ყველა გარემოებაში, მათ შორის, სამწუხაროშიც კი, შეიძლება მივიღოთ ყველაზე მთავარი - ეს არის დანახვა უფლისა, შინაგანი თვალების ახელა, ფერისცვალება და შეხვედრა ღმერთთან
- +

29 მაისი. 2022. 15:07

 

 

„ყველა გარემოებაში, მათ შორის, სამწუხაროშიც კი, შეიძლება მივიღოთ ყველაზე მთავარი რამ, ყველაზე მთავარი გამოცდილება... ეს არის დანახვა უფლისა, შინაგანი თვალების ახელა, ფერისცვალება და შეხვედრა ღმერთთან. ეს არის უმთავრესი. ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის სატანჯველი, რომლისაც ჩვენ ასე გვეშინია ხოლმე“, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას.

 

„დღეს არის მეექვსე კვირა აღდგომიდან, რომელსაც ეწოდება ბრმის კვირიაკე, ვინაიდან იკითხება სახარება უფალ იესო ქრისტეს მიერ შობიდან ბრმის განკურნების შესახებ.

 

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დალოცვას, შეგვეწიოს ჩვენ, ყველას, მისი ლოცვა-კურთხევა.

 

უფალ იესო ქრისტეს და მის მოციქულებს შემოხვდებათ ეს ბრმა, რომელიც დაბადებიდან იყო ასეთ მდგომარეობაში და მოციქულები ჰკითხავენ უფალს: „ვინ სცოდა, მისმა მშობლებმა შესცოდეს, თუ მან სცოდა? რატომ იტანჯება, აი, ასეთი სატანჯველი რატომ აქვს მას?“ რა თქმა უნდა, მისი ცოდვების გამო ეს არ იქნებოდა, იმიტომ რომ დაბადებიდან ასეთ მდგომარეობაშია. მაშ, რატომ იტანჯება? რატომ მოიწია მასზე ასეთი მძიმე განსაცდელი? უფალი უპასუხებს, რომ „არც მისმა მშობლებმა სცოდეს, არც თავად მან სცოდა, არამედ იმიტომ, რომ მასზე გამოცხადდეს ღმერთის საქმენი“.

 

და აქ ჩნდება კიდევ შემდეგი კითხვა: რა არის ღმერთის საქმე ამ შემთხვევაში? ნუთუ მხოლოდ ის არის, რომ ეს კაცი დაბადებიდანვე ასეთ მძიმე მდგომარეობაშია და როდესაც უფალი იესო ქრისტე მას ხედვას დაუბრუნებს და თვალებს აუხელს, ამის შემხედველი ადამიანები შემდეგ ღმერთს ადიდებენ? მხოლოდ ეს არის საქმე უფლისა?

 

ჩვენ ვიცით, რომ პირიქითაც მოხდა, - არათუ ადიდეს, არამედ განიკითხეს და გაკიცხეს იესო ქრისტე იმის გამო, რომ მათთვის მოსაწონი ფორმით არ შეასრულა ეს სასწაული, იმიტომ რომ შაბათს აღასრულა, შაბათს განკურნა.

 

მაშ, რა არის ეს საქმე ღვთისა? რაში გამოვლინდა?

 

გამოვლინდა იმაში, რომ აი, ამ შობითგან ბრმას უფალმა აუხილა არა მარტო ფიზიკური თვალი, არამედ მას აეხილა სულიერი თვალიც, სულიერი ხედვაც, ვინაიდან მან იხილა ღმერთი. მან შეძლო მადლიერებით მიეღო ეს კურნება და თაყვანი ეცა ქრისტესთვის.

 

შემდეგ სახარება მოგვითხრობს, რომ როდესაც უფალმა შეიტყო, რომ ეს განკურნებული ბრმა გამოაგდეს, მონახავს მას და ეტყვის: „შენ გწამს ძე ღვთისა?“ ეს კაცი ჰკითხავს: „ვინ არის, უფალო, რომ ვიწამო?“ და უფალი იესო ქრისტე უპასუხებს, რომ „ვინც შენ გელაპარაკება, სწორედ ის არის“. შემდეგ ეს უპასუხებს: „მწამს უფალო!“ და თაყვანი სცა მას. „თაყვანი სცა“ - ნიშნავს მუხლი მოიყარა. თქვენ გახსოვთ, რომ ადამიანთა წინაშე დაჩოქება მაშინ არ იყო მიღებული. აი, ეს ნიშნავდა, რომ მან თაყვანი სცა მას, როგორც ძე ღმერთს. აი, ამაში გამოვლინდა, მოხდა შეხვედრა ღმერთთან, ამ ადამიანმა იხილა და შეიგრძნო უფლის კაცთმოყვარეობა, უფლის ყოვლისშემძლეობა და ასე თაყვანი სცა.

 

აი, ასეთი საოცარი სახარება გახლავთ დღეს. ამ ადამიანმა დაინახა ის, რასაც თვალხილული ადამიანები გარშემო ვერ ხედავდნენ. თავის სიბრმავეში დაინახა, ვინაიდან სულიერი თვალები აეხილა შემდეგ მას.

 

აი, ეს სახარება ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენგანისთვის, იმიტომ რომ ამით უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, როგორ მივიღოთ მწუხარებანი და სატანჯველნი, რომლებითაც სავსეა ჩვენი და ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრება. ასეთია ეს მიწიერი ცხოვრება, რომ აი, ეს მწუხარებანი მეტია, ვიდრე კეთილდღეობა, სამწუხაროდ.

 

უფალი გვასწავლის, როგორ მივიღოთ ეს. როცა ვხედავთ ჩვენ გარშემო ამდენ ტრაგედიას, ჩვენ ცხოვრებაში თუ ჩვენ გარშემო, ხშირად ვბრკოლდებით, ვიბნევით და გვავიწყდება აი, ეს სწავლება უფლისა, რომ ყველა გარემოებაში, მათ შორის, სამწუხაროშიც კი, შეიძლება მივიღოთ ყველაზე მთავარი რამ, ყველაზე მთავარი გამოცდილება, რაც მიიღო აი, ამ შობითგან ბრმამ. ეს არის დანახვა უფლისა, შინაგანი თვალების ახელა, ფერისცვალება და შეხვედრა ღმერთთან. ეს არის უმთავრესი. ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის სატანჯველი, რომლისაც ჩვენ ასე გვეშინია ხოლმე.

 

ამაზე გვაფიქრებს დღევანდელი სახარება, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი ადამიანს ბევრ რამეს აძლევს, მრავალ სიკეთეს აძლევს, თავისუფლებას აძლევს, ჯანმრთელობას აძლევს, კეთილდღეობას აძლევს, ზოგს - სიმდიდრეს, შვილიერებას, სხვადასხვა ნიჭს, მაგრამ თუ ადამიანი ამ ყველაფერს არ ეპყრობა, როგორც ღვთისგან ბოძებულ ნიჭს და არ მადლობს უფალს, ამ ყველაფერს არ ამრავლებს, როგორც ტალანტებს, არ ამსახურებს ღმერთისთვის, მაშინ უფალი, როგორც მოსიყვარულე მამა, არ დაუშვებს, რომ ასეთი ადამიანი ამ თავის ცრუ და მოჩვენებით კეთილდღეობაში დაიღუპოს. ამიტომ შეიძლება მწუხარების სახითაც შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში. ესეც სამკურნალო საშუალება, ოღონდ ცოტა უფრო მწარე, იმისთვის, რომ ადამიანს ფერი უცვალოს, ვიმეორებ, გონს მოიყვანოს, სულიერი თვალი აუხილოს და გადაარჩინოს.

 

აი, ამის თქმა მინდოდა დღეს. რა თქმა უნდა, ეს სახარება, რომელიც გვასწავლის მწუხარებათა მიმღებლობასა და დათმენას, ასევე გვავალდებულებს თანალმობას, შეწევნას გაჭირვებაში მყოფი ადამიანებისა. ეს ჩვენი ვალდებულებაა. უფალი დღეს სახარებაში ამბობს, რომ „მე მმართებს, ვაკეთო ჩემი მომავლინებლის საქმეები“ და ჩვენც, ყოველი ქრისტიანი, უნდა ცხოვრობდეს ისე, როგორც მოვლინებული ქრისტესგან, რომ ყოველთვის მზად ვიყოთ, თანაგრძნობისთვის, დახმარებისა და შეწევნისთვის. უფალი ამბობს, რომ „სანამ დღეა, მმართებს, ვაკეთო ჩემი მომავლინებლის საქმეები, იმიტომ რომ მოდის ღამე“. ღამე, ანუ სიკვდილს გულისხმობს უფალი. მოდის ღამე, როდესაც ვერავინ ვეღარ შეძლებს აი, ამ საქმეების კეთებას.

 

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა მოგვცეს ძალა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ვაკეთოთ ეს საქმეები, სანამ არის დღე, ვინაიდან ამ საქმეებით უნდა მოვიხვეჭოთ ჩვენ მადლი და დავიმკვიდროთ სასუფეველი ღვთისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner