რუსეთი დათანხმდა, სერბეთისთვის ბუნებრივი აირის უწყვეტი მიწოდება გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN რუსულ სახელმწიფო მედია "რია ნოვოსტიზე" დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმება მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მის სერბ კოლეგა ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა.
„პუტინმა და ვუჩიჩმა დაადასტურეს როგორც რუსეთის, ასევე სერბეთის სურვილი, ორივე ქვეყნის ხალხებს შორის მჭიდრო კავშირების საფუძველზე, თავიანთი სტრატეგიული პარტნიორობა გააძლიერონ", - იტყობინება „რია ნოვოსტი".
როგორც ცნობილია, სერბეთი არ არის ევროკავშირის ან ნატო-ს წევრი ქვეყანა. ის თითქმის მთლიანად რუსულ ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული, ხოლო მისი არმია რუსეთის სამხედროებთან კავშირებს ინარჩუნებს.
მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ მხარი დაუჭირა გაერო-ს ორ რეზოლუციას, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს, ქვეყანამ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა.