„საქართველოსთვის და სომხეთისთვის 30 წელი რთული პერიოდი იყო, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები იყო კეთილმეზობლური, ეს ასახავს ქვეყნების საუკუნოვან ისტორიას, რომელიც გაგრძელდება მეგობრობით, თანამშრომლობით“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან ორბელიანების სასახლეში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის ინტეგრაციის გზაზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე რეგიონისთვის, რომელიც შედის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, ძალიან დიდ შანსს წარმოადგენს.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენ დღეს ვმასპინძლობთ სომხეთის პრეზიდენტს, რომლის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია საზღვარგარეთ და მისი სურვილი იყო, ეს ვიზიტი საქართველოში გამართულიყო. ეს არის იმის ნიშანი, რა მჭიდრო და მეგობრულია ჩვენი ურთიერთობები, ამას ძალიან ვაფასებთ. ასევე წელს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელს. 30 წელი ორივე ქვეყნისთვის საკმაოდ რთულ პერიოდშია გავლილი, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები იყო კეთილმეზობლური და ეს ასახავს ჩვენს საუკუნოვან ისტორიას, რომელიც ასევე საუკუნის განმავლობაში გაგრძელდება, მეგობრულად, ურთიერთშევსებით, თანამშრომლობით.
ჩვენი რეგიონი და ჩვენი ქვეყნები იმყოფებიან ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე. უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია ყველასთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს, რამეთუ ირღვევა ყველა საერთაშორისო ნორმა და პრინციპები, რაზეც აგებულია საერთაშორისო წესრიგი, უსაფრთხოების არქიტექტურა და ამდენად, კიდევ ერთხელ ირღვევა ჩვენი ქვეყნების სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებიც. ყველასთვის შემაშფოთებელია ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რასაც დღეს ვხედავთ და რაც მიმდინარეობს უკრაინაში. უკრაინის გვერდით ვდგავართ და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ვითარება რჩება უმძიმესი, გრძელდება სუვერენობის უგულვებელყოფა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა.
„რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ვითარება რჩება უმძიმესი, სუვერენობის უგულვებელყოფა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება და მძიმდება, რასაც ემატება დღეს ახალი მუქარა რეფერენდუმი სახით, რომელიც გამოცხადებულია 17 ივლისისთვის. თუმცა ამავე დროს, ევროპის ინტეგრაციის გზაზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები ძალიან დიდ შანსს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე ამ რეგიონისთვის, რომელიც შედის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. დიდი იმედი გვაქვს, ეს გააჩენს ყველა მხრივ კიდევ ახალ შესაძლებლობებს პოლიტიკური, თუ ეკონომიკური შესაძლებლობების ახალი განვითარების კუთხით.
ჩვენი რეგიონის მომავალი ამავე დროს მჭიდროდ არის დამოკიდებული მშვიდობიან გარემოზე. ვიმედოვნებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები წარმატებულად გაგრძელდება. მივესალმებით ევროკავშირის ჩართულობას ამ კუთხით და ვიცით, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგებზე დამოკიდებულია ამ რეგიონში სრული მშვიდობის დამყარება, ამ მშვიდობის დამყარებაზე არის დამყარებული ეკონომიკური განვითარება და ყველა ახალი გეგმები, რომელიც ეხება ამ რეგიონს და მას უქმნის სამომავლოდ ძალიან დიდ პერსპექტივას“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მისივე განცხადებით, სომხეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის არსებულ კავშირებს და თანამშრომლობის გაზრდის დიდ პოტენციალს სატრანსპორტო და მაღალი ტექნოლოგიების სფეროებში.
„ეს არის სფეროები, რომლებიც იძენენ დღეს ახალ დატვირთვას და რომლის განვითარებაზე შევჯერდით. რეგიონის სატრანზიტო პოტენციალი, ახალი ინფრასტრუქტურული ქსელები და ენერგეტიკის ახალი გზები ჩვენ ორივე ქვეყნის მაღალ ინტერესს წარმოდგენს და ერთობლივად ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ.
აღვნიშნეთ რა საქართველოში შექმნილი ყველა პირობა, რათა სომხური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებმა შეინარჩუნონ საკუთარი კულტურა და ენა, ამავე დროს შეძლონ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ცხოვრებაში. ამ კუთხით ძალისხმევა არ შენელდება. სომხური და აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეების მშვიდობიანი თანაცხოვრება ამ ქვეყნაში მეტყველებს ქვეყანაში შექმნილ შემწყნარებლურ პირობებზე და წარმოდგენს პოზიტიურ მაგალითს კავკასიის რეგიონისთვის კავკასიის ტრადიციის გაგრძელებას. მინდა, ჩვენს ორივე ქვეყანას ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა, განვითარება და ჩვენი ურთიერთმეგობრობის კიდევ უფრო გამყარება მომავალი საუკუნეების მანძილზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დღეს დაიწყო. პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამასთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.