საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით, რუმინეთში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები გამართა რუმინეთის სენატში, სადაც თავდაცვის და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლეტა პაულიუცს და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, რობერტა ალმა ანასტასეს და კომიტეტის წევრებს შეხვდა.
შეხვედრებზე განიხილეს საქართველო-რუმინეთს შორის არსებული ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობას. განიხილეს საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და NATO-ს მომავალი სამიტი.
„რუმინელ კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადზე და ასევე NATO-ს მადრიდის სამიტის მოლოდინებთან დაკავშირებით. ხაზი გავუსვით, რომ საჭიროა ამ სამიტის შემდეგ, მეტი სიცხადე იყოს შეტანილი NATO-ში საქართველოს მომავალ წევრობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
რუმინეთის სენატის თავდაცვის და ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წარმომადგენლებმა, ქართულ მხარეს დაუდასტურეს რუმინეთის მხარდაჭერა როგორც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან, ასევე საქართველოს საბოლოო წევრობაზე NATO-ში უფრო მკაფიო გზავნილების მიღებასთან დაკავშირებით.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებას, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას რეინტეგრაციის მიმართულებით, ასევე რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიას და შავი ზღვის რეგიონზე მის შედეგებს.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს და რუმინეთის საზღვაო დერეფნის პოტენციალის სრულად ათვისების შესაძლებლობა, რაც განსაკუთრებით მიმზიდველი და მომგებიანი შეიძლება გახდეს იმის ფონზე, რომ ევროპა ცდილობს უარი თქვას რუსეთიდან ენერგომატარებლების მიღებაზე.
საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე. დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები: ბექა დავითულიანი, ირაკლი ზარქუა, ისკო დასენი და რამაზ ნიკოლაიშვილი.