„ჩვენ შეგვიძლია თამამად შევხედოთ თვალებში ჩვენს თბილისს, ჩვენს ხალხს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
„ჩვენ უკვე ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად და დღეს ახალი გამარჯვებისთვის ვემზადებით. მე მჯერა, რომ თქვენთან ერთად ამ გამარჯვებას აუცილებლად მივაღწევთ. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თბილისი ყოველთვის გადამწყვეტ სიტყვას ამბობს, როცა ქვეყანას ეხება საქმე.
ოთხი წლის წინ ეს გამარჯვება არ მოვიდოდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააერთიანა ქართველი ხალხი; ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი ხალხის გამბედაობა და სიმტკიცე, რომელმაც უთხრა არა - ძალადობას და უსამართლობას და ეს „არა" თბილისმა თქვა ყველაზე ხმამაღლა. თბილისი ყოველთვის თავისუფლებისა და ღირსების მხარეს დგას - ეს თბილისელების წესია.
ჩვენ შეგვიძლია თამამად შევხედოთ თვალებში ჩვენს თბილისს, ჩვენს ხალხს. ჩვენ ხალხს მივეცით ყველაზე მთავარი, რაც სახელმწიფოსგან სჭირდება ადამიანს - თავისუფლება, ღირსეული მოპყრობა, დაფასება, ზრუნვა. დღეს ჩვენ მთავარ ღირებულებაზე, ადამიანზე დამყარებულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რადგან ვიცით, რომ არაფერს არა აქვს ფასი, თუ ადამიანი არ იქნა თავისუფალი. ჩვენ დავუდექით გვერდში ყველას, ვისაც ეს სახელმწიფოსგან განსაკუთრებით სჭირდებოდა - დევნილებს, გლეხებს, ფერმერებს, მეწარმეებს - ამოსუნთქვის საშუალება მივეცით ჩვენს ხალხს. პირველ რიგში ვიზრუნეთ ჯანმრთელობაზე და ხალხს სიცოცხლე გადავურჩინეთ - არ მეგულება ოჯახი, რომელსაც ამ მხრივ სახელმწიფოს გვერდში დგომა არ უგრძვნია; მხოლოდ C ჰეპატიტის პროგრამით ჩვენ ათასობით კაცს დავუბრუნეთ სიცოცხლე და ათასობით ოჯახი, რომელიც ამ პრობლემას ებრძოდა, გადავრჩინეთ გაღატაკებას", - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ვისაც ქვეყანა და მისი მომავალი აღელვებს, უნდა გავერთიანდეთ, როცა საქმე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს და უმთავრეს პრინციპებს ეხება.
„დღეს თქვენ აღარ გეშინიათ საკუთარი აზრის გამოთქმის და გაქვთ არჩევანის სრული თავისუფლება. დღეს სახელმწიფოს წნეხისგან გათავისუფლებულია ბიზნესი, ვერავინ იტყვის, რომ სახელმწიფო ვინმეს ავიწროებს, საკუთრებას ართმევს ან დევნის განსხვავებული შეხედულებების გამო. ამ ღირებულებების ერთგული ვართ ჩვენ და ამიტომაც ვართ დარწმუნებული, რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის, სწორად ვითარდება - ეს რეალობაა და არა ვინმესთვის თვალის ასახვევად ნათქვამი ფუჭი სიტყვები. ჩვენ დავამთავრეთ ადამიანების დაყოფა ჩვენიანებად და სხვისიანებად, ხელისუფლების მომხრეებად და მტრებად. ვნახეთ, რა მოუტანა საზოგადოების გაყოფამ ქვეყანას და ხალხს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როცა ხელისუფლება ,,ჩარეცხილად" გაცხადებს და გასაქანს არ გაძლევს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მხარდამჭერი არა ხარ. საბედნიეროდ, ეს დრო დამთავრდა და ეს არის ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი საზოგადოების გამარჯვება.
დიახ, ჩვენ ყველას მივცემთ საშუალებას თავისი ცოდნა და ენერგია მოახმაროს ხალხს და ქვეყანას, ვინც საკუთარ თავში ამის ძალას და შესაძლებლობას ხედავს. ამიტომაც ჩვენ მარტო ჩვენს რიგებში არ ვეძებთ ხალხს და მზად ვართ თანამშრომლობისთვის - ჩვენ არც ერთი ადამიანი არა გვყავს დასაკარგი.
დღეს მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ვისაც ქვეყანა და მისი მომავალი აღელვებს, უნდა გავერთიანდეთ, როცა საქმე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს და უმთავრეს პრინციპებს ეხება. განსაკუთრებით, დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში. მე მჯერა, რომ დღეს ყველაზე მეტად „ქართულ ოცნებას" შეუძლია საზოგადოების კონსოლიდაცია და ამას ხალხი ხედავს", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
„ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ წინ მეტი წარმატებაა, რადგან სწორი საფუძველი უკვე შექმნილია. ყველა პირობა არსებობს, რომ სწრაფი განვითარება შეუქცევადი გახდეს, რომ თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს უკეთესობა და თითოეულ ოჯახში შევიდეს კეთილდღეობა. სწორედ ამას უნდა დაეთმოს მომდევნო 4 წელი. ჩვენ ამას შევძლებთ", - განმარტა პრემიერმა.