„ჩვენ ვართ პროფესიონალებით გაძლიერებული განახლებული ქმედითი გუნდი, პროგრესული ხედვით, მოქმედების ზუსტი გეგმით და თანამედროვე მიდგომების მქონე პრინციპული ლიდერით", - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თბილისში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ახლა დაწყებული საქმის სწრაფი გაგრძელების, ცხოვრების ევროპულ სტანდარტზე გადაყვანის და წინსვლის დროა.
„მეგობრებო, მიხარია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი სერიოზული გამოცდის ჩასაბარებლად საერთო მზაობა გამოხატეთ და, როგორც 4 წლის წინ, დღესაც ჩვენს გვერდით ხართ. 4 წლის წინ ჩვენ ერთად დავდექით და ქვეყანას მოვაშორეთ უბედურება, რომლის სახეც - სისხლიანი ნიღაბი - საქმე - საკუთარი მოქალაქეების ქუჩაში ხვრეტა და ტერორი , მიზანი - საქართველოს განადგურება იყო. 4 წლის წინ ჩვენ საყოველთაო თანხმობის უპრეცედენტო მაგალითი ვაჩვენეთ. მსოფლიოს დავანახეთ, რომ როცა სამშობლო საფრთხეშია, საქართველოს მოქალაქეებს შორის პარტიული, ეთნიკური თუ რელიგიური განსხვავება იშლება და ბრძოლის წინა ხაზზე ქუდზე კაცი გამოდის. 4 წლის წინ ჩვენ საბრძოლო ფიცი ერთად დავდეთ და ეს ფიცი შევასრულეთ. სამუდამოდ ჩავაბარეთ წარსულს სისასტიკე და ძალმომრეობა, დავიცავით უმაღლესი ღირებულება - ადამიანი, ვიზრუნეთ მის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, სიმშვიდეზე, თავისუფლებაზე, შევქმენით ნამდვილი, და არა მოჩვენებითი დემოკრატია. დღეს ჩვენ ეროვნული თვითმყოფადობით ვბრუნდებით დიდ ევროპულ ოჯახში. დღეს ჩვენ საქართველოს მსოფლიო რუკაზე კუთვნილ ისტორიულ ადგილს ვუბრუნებთ. დღეს ჩვენ გარე აგრესიისგან ცივილიზებული სამყარო გვიცავს და ამ ყველაფრის მთავარი ლოკომოტივი თქვენ იყავით, რადგან თბილისია ქვეყნის გული, მისი რიტმი მთელ ქვეყანას გადაეცემა, თბილისი აძლევს სასიცოცხლო ენერგიას დანარჩენ საქართველოს, ამიტომაც თქვენი ხმა - ქვეყნის ხმაა, თქვენი გადაწყვეტილება - ქვეყნის გადაწყვეტილებაა, თქვენი არჩევანი - ქვეყნის არჩევანია
და ეს არჩევანი საქართველოს ძლიერებაა. „ქართულმა ოცნებამ" ამ ძლიერების საფუძველი უკვე ჩაყარა, ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დააყენა. ახლა დაწყებული საქმის სწრაფი გაგრძელების დროა, ცხოვრების ევროპულ სტანდარტზე გადაყვანის დროა, წინსვლის დროა", - განაცხადა კალაძემ.
მისივე განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ" ზუსტად იცის, რომ ქვეყნის მომავლის შექმნა მხოლოდ ერთიან, თავისუფალ საზოგადოებას შეუძლია.
„ქართულმა ოცნებამ" უკვე დაამტკიცა, რომ ხალხზე მზრუნველი ადამიანური ძალაა, რომლისთვისაც მთავარი ჩვენი გახლეჩილი საზოგადოების გამთლიანებაა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ქვეყნის მომავლის შექმნა მხოლოდ ერთიან, თავისუფალ საზოგადოებას შეუძლია. მეგობრებო, ჩვენი გზა - ევროპული გზაა, ჩვენი მიზანი - ცივილიზებულ სამყაროში ღისეული ადგილის დამკვიდრებაა, იმ კანონის უზენაესობაა, რომელიც, საბოლოოდ, ქვეყნის წინაშე ჩადენილ არცერთ დანაშაულს დატოვებს უპასუხოდ. ჩვენ რადიკალი ლიდერების დრო სამუდამოდ ჩავაბარეთ წარსულს და გზა გაწონასწორებულ, გონიერ, ჰუმანურ და შედეგზე ორიენტირებულ მმართველობას გავუხსენით. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მხოლოდ ხალხთან ერთად და არა მისგან იზოლირებით შეიძლება რეალური დემოკრატიის შენება.
ჩვენ ყველას შევახსენეთ, რომ ხალხის მიერ დასაქმებული მთავრობის უპირველესი მოვალეობა იმავე ხალხის საჭიროებების გაგება, მათზე ზრუნვა და მისთვის განვითარების შესაძლებლობების მიცემაა და ჩვენ ვქმნით ასეთ შესაძლებლობებს. ჩვენ ვართ პროფესიონალებით გაძლიერებული განახლებული ქმედითი გუნდი, პროგრესული ხედვით, მოქმედების ზუსტი გეგმით და თანამედროვე მიდგომების მქონე პრინციპული ლიდერით. ჩვენი ძალა - თქვენს ნდობაშია, ჩვენი უფლება - თქვენს არჩევანშია. სწორედ თქვენი ნდობა და არჩევანია ჩვენი ძალაუფლების წყარო.
მჯერა, ჩვენ ყველა გავხდებით იმ სწრაფი განვითარების მონაწილე, რომელიც კეთილდღეობას თითოეული ჩვენგანის ოჯახში შემოიტანს. თბილისს გაუმარჯოს. ჩვენს ერთობას გაუმარჯოს. საქართველოს გაუმარჯოს", - აღნიშნა კახა კალაძემ.