ქალაქ კასპის სკოლამდელი აღზრდის ხუთ დაწესებულებაში გასართობი ატრაქციონების მონტაჟი მიმდინარეობს.
სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ დაათვალიერეს.
ატრაქციონები კაუჩუკის ფილებით მოწყობილ მოედანზე განთავსდება. გასართობი საშუალებები 4 სახეობისაა: მრავალფუნქციური სასრიალო, ორადგილიანი საქანელა, აიწონა-დაიწონა და ზამბარიანი ატრაქციონი, დაიდგმება სკვერის სკამებიც.
„ეზო საბავშვო ბაღის საარსებო სივრცის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ ეზოში გასართობი კონსტრუქციები მოვაწყოთ, რათა ბავშვებს დასვენების და გართობის საშუალება ჰქონდეთ. ამჟამად ქალაქის 5 საბავშვო ბაღის აღჭურვა მიმდინარეობს და პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება იქ, სადაც დღეისათვის ასეთი კონსტრუქციები არ არსებობს ან მოძველებულია და განახლებას საჭიროებს“, - განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.