ავტორი ბიძინა დვალი
ავადსახსენებელი კარლ ბილდტის ცნობილმა პროტეჟემ, ბატონმა კარლ ჰარცელმა, აშკარა სასოწარკვეთილების ფაზაში რომ ასრულებს თავის არცთუ დიპლომატიურ მისიას, გუშინ, მიკიბულ-მოკიბულის გარეშე, დიპლომატიურ საფანელში ძუნწად ამოვლებული ფრაზებით - კითხვის ნიშნებიო, ტრაექტორიაო,.. ესაო, ისაო... - გამოგვიცხადა, მე თუ მკითხავთ, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ იმსახურებსო(?!).
ელჩ ჰარცელის მთელი „მოღვაწეობა“, მისი უფლებამოსილების სამი წლის განმავლობაში, იმისკენ იყო მიმართული, როგორმე მნიშვნელოვანი ზიანი მიეყენებინა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის. უფრო კონკრეტულად, მისი და მისი მთავარი პარტნიორის, ელჩ დეგნანის ამოცანა გახლდათ, ქართველი ხალხის ცხრაგზის ნდობაგამოცხადებული ხელისუფლება, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, ჩაენაცვლებინათ დასავლურ სამყაროში გამეფებული ნეოლიბერალური მიმდინარეობისთვის სასურველი ობიექტ-სუბიექტით, რაც იმას გულისხმობს, რომ ხელისუფლებაში უნდა მოსულიყო ყველაფერზე ხელისმომწერი, ანუ უსამშობლო, უჯიშო, უზნეო, ურწმუნო, უგულო და ერთი სიტყვით, პრინციპებისა და ღირებულებებისგან დაცლილი ე.წ. პოლიტიკური ძალა.
„სასოწარკვეთილების ფაზა“ ბატონი ჰარცელის იმ მდგომარეობას ჰქვია, ფარული მიზნის ვერმიღწევის შედეგად, მისიის დეკლარირებული ამოცანები რომ დაავიწყა და ყველაფერი, უნებლიეთ, სააშკარაოზე რომ გამოაქვს. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ჰარცელ-დეგნანის ტანდემის რეაქციებს თუ ყურადღებით დავაკვირდებით, დიპლომატიური თავშეკავების უაღრესად დაბალ დონეს აღმოვაჩენთ და ესეც გაწბილებისა და სასოწარკვეთილების ნიშანია.
ემოციური მხარე იქით იყოს და ქართველი საზოგადოებისთვის უფრო მძიმედ აღსაქმელი და მისაღები ის გახლავთ, რომ შინაარსთან დაკავშირებით გაცილებით რთულად არის საქმე. ისეთი უსამართლო, ისეთი ხელის კვრის ტოლფასი ნარატივები მოედინება უწყვეტ ნაკადად, რომ საქართველოს სათავეში მთელი თავისი არსით დემოკრატიული განვითარებისა და სხვა ევროპული ღირებულებების ერთგული ხელისუფლება რომ არ იყოს, მის ნაცვლად ვინმე ნეიტრალურს რომ ეპყრას მართვის სადავეები, უიმედობისგან თავ-გზა არეულებს, „ეს არის თქვენი დასავლეთის?“ ძახილით, რუსულ-ბელორუსულ კავშირში შეიძლება ამოგვეყო თავი.
„ევროკავშირი მზარდ შეშფოთებას გამოხატავს ქვეყნის ტრაექტორიით“ - სვამს დიაგნოზს ბატონი კარლის კარლი და... ტრადიციულად, ისევ აღქმებით გაჯერებული საყვედურებით გვავსებს. მის მიერ გამოთქმული „პრეტენზიებიდან“ მხოლოდ ერთზე გავამახვილებ ყურადღებას, იმის საილუსტრაციოდ, რომ „მეგობრები“ „სალდატსკი პრიჩინებზე“ (საბჭოთა ოკუპაციის პერიოდის ქართული გამოთქმაა) არიან გადასულები:
ევრომისიის უმაღლესი წარმომადგენელი „შეშფოთებას ვერ მალავს“, რადგან, არც მეტი არც ნაკლები, თურმე „კითხვები გაჩნდა დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებით“(???).
ბატონო ჰარცელ, რომელ არჩევნებთან დაკავშირებით? ყველა თქვენმა კოლეგამ და ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა სამართლიანად და კონკურენტულად რომ აღიარა? თუ იმის გამოყოლილში ხართ, დასავლური გრანტებით დაფინანსებულმა ნაცენჯეოებმა ციფრების მანიპულაციით „კითხვები რომ გააჩინეს“ და კობახიძემ და მდინარაძემ უკან რომ შეტენეს ორ დღეში, თუ ორ კვირაში? (მკითხველს ბოდიშს ვუხდი უხეშობისთვის, მაგრამ რა ვქნა, სხვანაირად ვერ იგებენ). არა, ბატონო ელჩო, თქვენი და ქალბატონი დეგნანის წარმოსახვაში არსებულ, იმ „გაშვებულ შესაძლებლობას“ მისტირით, თქვენი „რუმბივით გაგორებული ფალავნებისთვის“, ნაცმავნებლებისთვის რომ უნდა დაგებრუნებინათ მართვის პულტი. გიჭირთ იმასთან შეგუება, რომ ქართველი ხალხის გონიერებამ წარსულში დაბრუნების გეგმა A-საც გადაასხა ცივი წყალი და მასზე „ჩინური წებოთი“ მიკრულ გეგმა B-საც.
გასული წლის სექტემბრის თვიდან მოყოლებული, სულ იმაზე ვსაუბრობ, ხან პრევენციის მიზნით, ხან კიდევ ფაქტის წინაშე მყოფი, რომ „დემოკრატიული ცვლილებები“ „მეგობრებს“ საქართველოს თემით მანევრირების გაადვილებისთვის სჭირდებათ მეთქი. არგუმენტებთან ერთად უხვად დაგროვილმა ფაქტებმაც იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ დიდი თამაშის ინტერესიდან გამომდინარე, რასაც „მსოფლიოს ახალი გადანაწილება“ ჰქვია, საქართველოს „საზარბაზნე ხორცის“ როლი ჰქონდა განსაზღვრული. „ვაშინგტონის კრემლის“ უკრაინელი გამხმოვანებლების მიერ მრავალგზის გამოთქმულმა უკმაყოფილებამ, „ამ ხელისუფლებას ომის გამჩაღებლის არაფერი ეტყობა, მიშა რომ ყოფილიყო მაშინ გენახათ, რამდენ უკრაინელ ქალსა და ბავშვს გადავარჩენდით ქართველი ქალებისა და ბავშვების ხარჯზეო“, ყველაზე ურწმუნოებისთვისაც ნათელი გახდა, რა შარში გვიპირებდნენ გახვევას.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის დიდი გონიერებითა და დიდი მოთმინებით მეორე ფრონტი არ შედგა. ორი დღის წინ, კელი დეგნანის ბოლო პერიოდის „მოღვაწეობისადმი“ მიძღვნილ წერილში ვწერდი - „საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით „მეგობრები“ ახალ „მიგნებას“ ჩაეჭიდნენ. ეს გახლავთ რაიმე, თუნდაც თითიდან გამოწოვილი, თუნდაც სულაც მოგონილი მიზეზით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობაზე უარის თქმა“, რასაც უნდა მოჰყვეს დღემდე არნახული მასშტაბის უკმაყოფილების ტალღის აგორება ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით და არსებული პოლიტიკური სტატუს-კვოს შეცვლით და მერე... მერე, მიდი-მოვდივარ... სოხუმსა და ცხინვალში „გასეირნებით“... ერთი სიტყვით ამას კ ა ტ ა ს ტ რ ო ფ ა ჰქვია.
იმავე წერილში, ყველა ფაქტისა და არგუმენტის შეჯერებით, მივდიოდი უმძიმეს დასკვნამდე, რომ „ევროპულ გზაზე უკრაინაზე და მოლდოვაზე გაცილებით წინ მყოფ საქართველოს განაცხადს თუ რაიმე დაბრკოლება შეხვდა, ეს იქნება „ვაშინგტონის კრემლის“ „დამსახურება“, როგორც დიდი გეგმის ნაწილი“. კარლ ჰარცელის ორშაბათის „თეზისებით“ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მეორე ფრონტის გეგმა ძალაშია. მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის პრინციპული პოზიცია, რომელსაც ურყევად ვიცავთ ჩვენ, ქართველი საზოგადოება და რომელიც სრულად თავსდება ორ უაღრესად ტევად სიტყვაში -
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ა ! ! !
ბიძინა დვალი
31.05.2022 წ.