logo_geo
eng_logo
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი ITU-ს გენერალურ მდივანს, ჰუალინ ჟაოს შეხვდა
- +

1 ივნისი. 2022. 00:12

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის (ITU) გენერალურ მდივანს ჰუალინ ჟაოს შეხვდა. შეხვედრა საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის ყოველწლიური ფორუმის (WSIS FORUM 2022) ფარგლებში გაიმართა, რომლის მუშაობაშიც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს.

 

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს მონაწილეობაზე საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის ეგიდით გამართულ ღონისძიებებზე, აგრეთვე საქართველოში მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე, რომელთა მიზანია ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის და ინოვაციური ეკოსისტემების განვითარება.

 

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა გურამ გურამიშვილმა ITU - ის გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარე პროექტის შესახებ, რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებისთვის. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყნის ციფრული სერვისების სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბება.

 

თავის მხრივ, ITU - ის გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს აქტივობები ორგანიზაციის მიერ გამართულ ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ ქართველი სპეციალისტების მიერ გამოთქმული ინიციატივები ხელს უწყობს რეგიონული მასშტაბით სატელეკომუნიკაციო სივრცის განვითარებას.

 

საქართველოს დელეგაციამ ასევე გამართა შეხვედრა სტანდარტიზაციის ბიუროს (BDT) დირექტორთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ადმინისტრაციების ხელმძღვანელ პირებთან, ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს შემდგომი განვითარებისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე.

 

შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ალექსანდრე მაისურაძე.

 

საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის ყოველწლიური ფორუმი (WSIS FORUM 2022) იმართება ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) ორგანიზებით და გაეროს იმ ორგანიზაციების ჩართულობით, რომლებიც მონაწილეობენ WSIS-ის სამოქმედო მიმართულებების განხორციელებაზე, როგორიცაა UNESCO, UNCTAD, და UNDP.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner