ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზენტაციას დაესწრო.
აღნიშნული გაერთიანება, რომელიც 2018 წელს დაფუძნდა, დღეს უკვე 250 წევრსა და 57 შეფმზარეულს აერთიანებს. ასოციაციას 2023 წლისთვის დაგეგმილი აქვს შეფმზარეულების ეროვნული ჩემპიონატის გამართვა.
პრეზენტაციას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საჯარო და კერძო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მისასალმებელ სიტყვაში, ლევან დავითაშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა გასტრონომიას, როგორც ტურიზმის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას. მისი თქმით, გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ გასტრონომია ტურისტებისთვის ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაციების ხუთეულში დაასახელა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, გასტრონომიის მიმართულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, სადაც, მისი შეფასებით, ყველაზე უკეთ იგრძნობა საქართველოს ტურიზმის კონკურენტული უპირატესობა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, გასტრონომია, კულტურასა და ბიომრავაფეროვნებასთან ერთად, საქართველოს ტურისტული სექტორის ყველაზე დიდი უპირატესობაა.
ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება გამოწვევებზე, რომლებიც დღეს დგას გასტრონომიული ბიზნესის წინაშე.
„თუ მეტი ძალისხმევა არ ჩავდეთ, სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ, რადგან კონკურენცია მსოფლიოში არის ძალიან დიდი. ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთოთ, რომ საქართველოს გასტროკულტურა უკეთ იყოს წარმოჩენილი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.