logo_geo
eng_logo
საპარლამენტო დელეგაცია, ვილნიუსში, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებზე გამართულ დისკუსიას დაესწრო
- +

1 ივნისი. 2022. 13:11

 

 

ლიეტუვას დედაქალაქში, სამუშაო ვიზიტად მყოფი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საპარლამენტო დელეგაცია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საელჩოს მიერ ორგანიზებულ დისკუსიას  - „საქართველოს ევროპული გზა“ (Georgia’s European Way) დაესწრო. ღონისძიება ლიეტუვას აღმოსავლეთ სწავლებათა ცენტრის და ევროკომისიის წარმომადგენლობის პარტნიორობით გაიმართა.

 

დისკუსიის ძირითად მიზანს ფართო საზოგადოებისთვის საქართველოს პოზიციისა და ევროკავშირთან ურთიერთობებში მიღწეული პროგრესის და შემდგომი გაღრმავების გზების წარმოჩენა წარმოადგენდა. ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილი განაცხადის და მისი დადებითი გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

 

ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ, ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მანტას ადომენასიმ და ევროკომისიის წარმომადგენლობის პოლიტიკის და ანალიზის უფროსმა, ლაიმუტე პილუკაიტემ მიმართეს. დამსწრე საზოგადოებას დასკვნითი სიტყვით კი  ლიეტუვაში საქართველოს ელჩმა, სალომე შაფაქიძემ მიმართა.

 

ღონისძიებას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან ერთად ლიეტუვას სამთავრობო უწყებების და პოლიტიკური წრეების, პარლამენტის, ვილნიუსში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner