logo_geo
eng_logo
საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების თაობაზე, რითაც კიდევ ერთხელ, ცალსახად დაამტკიცა ქვეყნის ერთგულება ევროპული კურსისადმი
- +

1 ივნისი. 2022. 15:08

 

 

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობდა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით.

 

2021 წლის 23 ივნისს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიქმნა სამთავრობო კომისია „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით.კომპლექსური სტრატეგია ეფუძნება საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ორივე მიმართულებას − როგორც დეოკუპაციას, ისე − საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებასა და ჩართულობას. მისი შემუშავება მიმდინარეობს ინკლუზიური და საერთო ეროვნული (whole of nation) პროცესის ფარგლებში.

 

მიმდინარეობდა აქტიური სამუშაოები სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის საქმეზე − „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“, დაზარალებულთა იდენტიფიცირებისა და მათ მიერ განცდილი ზიანის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვების მიზნით. საქმე ეხება 2008 წლის აგვისტოს ომისა და შემდგომი ოკუპაციის პერიოდში რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას. მიმდინარე წლის 20 იანვარს საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა „სამართლიან დაკმაყოფილებასთან“ (დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხი) დაკავშირებით სამართლებრივი პოზიცია და თანდართული კომპლექსური მტკიცებულებები. სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხზე მხარეთა პოზიციების შესწავლის შემდგომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას რუსეთის ქმედებებით დაზარალებული საქართველოს მოსახლეობისათვის გადასაცემი კომპენსაციის ოდენობის თაობაზე, რომლის აღსრულებაზეც ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს.

 

გრძელდება საქართველოს ინტერესების დაცვა სახელმწიფოთაშორის დავაზე − „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“, რომელიც ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას. მეოთხე სახელმწიფოთაშორისი დავის განხილვა დროებით შეჩერებული იყო „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თუმცა 2021 წლის 25 მაისს განახლდა და ამჟამად მიმდინარეობს მხარეებს შორის პოზიციების გაცვლის პროცედურები.

 

აქტიურ ფაზაშია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის გამოძიება. 2022 წლის 10 მარტს „აგვისტოს ომის“ დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა დაკავების ბრძანებები გამოსცა 3 ბრალდებულის (ცხინვალის დეფაქტო „ხელისუფლების“ წარმომადგენლების) მიმართ. გამოძიების ფარგლებში აგრეთვე გამოიკვეთა მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორისა და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილის (აწ გარდაცვლილის) როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას. დაპატიმრების ორდერების აღსრულების მიზნით, საქართველო სრულად ითანამშრომლებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან.

 

საქართველო აგრძელებდა შეუქცევად, თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ, რაც გამოიხატება რეფორმების გატარებაში ასოციირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად.

 

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის შედეგად შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ასევე, ქვეყნის მიერ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით არსებული პროგრესის გაანალიზების საფუძველზე, 2022 წლის 3 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების თაობაზე, რითაც კიდევ ერთხელ, ცალსახად დაამტკიცა ქვეყნის ერთგულება ევროპული კურსისადმი.

 

ევროკავშირის საბჭოს 7 მარტის გადაწყვეტილების შედეგად, საქართველომ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი ორ ნაწილად − 11 აპრილს (პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმები) და 19 აპრილს (სექტორული/საკანონმდებლო ნაწილი). კითხვარის გადმოცემამდე გაძლიერდა ევროინტეგრაციის შიდა საკოორდინაციო მექანიზმი, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის ფარგლებში ჩამოყალიბდა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფები მინისტრის მოადგილეებისა და უწყებებში სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების დონეზე. კომისიის მუშაობის კოორდინაცია მიმდინარეობდა უმაღლეს დონეზე და მისი სხდომები კვირაში ერთხელ იმართებოდა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ინტენსიური მუშაობის შედეგად, საქართველომ შევსებული კითხვარი ევროკომისიას ვადაზე ადრე გადასცა (პირველი ნაწილი − 2 მაისს, ხოლო მეორე ნაწილი − 10 მაისს).

 

საანგარიშო პერიოდი გამორჩეული იყო ორმხრივი ვიზიტებისა და ინსტიტუციური დიალოგის დინამიკით. ამ მხრივ, აღსანიშნავია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტები (2021 წელს); სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის სამუშაო ვიზიტი (2021 წლის ივლისი); საქართველოს ხელისუფლების მაღალი და უმაღლესი დონის ოფიციალური პირების ვიზიტები ბრიუსელში.

 

17-18 მაისს შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი ქ. ბრიუსელში, სადაც მან შეხვედრები გამართა ევროკავშირის ინსტიტუციების ხელმძღვანელ პირებთან, კერძოდ, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან − რობერტა მეცოლასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან − შარლ მიშელთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში − ჯოზეფ ბორელთან და ევროკომისართან სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში − ოლივერ ვარეისთან. შეხვედრების ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე, მათ შორის, ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადისა და შევსებული შეფასების კითხვარის გადაცემის შემდგომ პროცედურებზე; ასევე საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და ამ მიმართულებით ევროკავშირის გაძლიერებული ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

 

საგულისხმოა ევროპარლამენტის დოკუმენტებსა და ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოებისა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკების შესახებ ანგარიშებში ასახული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული პერსპექტივისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ (კენჭი ეყარა 2022 წლის 16 თებერვალს).

 

გაგრძელდა ევროკავშირთან თანამშრომლობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის ფარგლებში. საქართველო აქტიურად მონაწილეობდა ფორმატის სამომავლო ხედვის შემუშავებასა და დამტკიცებაში. 2021 წლის 15 ნოემბერს, ბრიუსელში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, 15 დეკემბერს კი − „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი, რომელზედაც მიღებულ იქნა ერთობლივი პოლიტიკური დეკლარაცია და დამტკიცდა აღპ-ის 2020 წლის შემდგომი მიზნები, მათ შორის, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვან საფლაგმანო პროექტებს განსაზღვრავს.

 

ახალ ეტაპზე გადავიდა თანამშრომლობა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ევროკავშირთან ასოციირებული ქვეყნების ტრიოს ფორმატში. ფორმატის ფარგლებში, 2021 წლის ივნისში შედგა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი ვიზიტი ბრიუსელში. 19 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად, გაიმართა ასოციირებული ტრიოს სამიტი, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც დაესწრო და მისი თანდასწრებით მიღებულ იქნა პრეზიდენტების დეკლარაცია. 2021 წლის 30 ნოემბერს გაიმართა ტრიოს პრემიერ-მინისტრების პირველი ერთობლივი ვიზიტი ბრიუსელში. 16 დეკემბერს, სამიტის შემდეგ, სამი ქვეყნის ლიდერების მიერ გაკეთდა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ ევროინტეგრაციის საერთო მიზნებს, პრინციპებს, მისწრაფებებსა და პრიორიტეტებს.

 

2022 წლის 18 − 20 თებერვალს, საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დაესწრო 58-ე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც პრემიერ-მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა როგორც პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს პოლიტიკურ პირებთან, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.

 

ინტენსიური ძალისხმევა იქნა მიმართული ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაღრმავებისაკენ, მათ შორის, დეოკუპაციის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების, ნატოში ინტეგრაციის, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. დინამიკურად ვითარდებოდა თანამშრომლობა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე.

 

აშშ-სთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად მყარ საფუძველს ქმნის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში საქართველოს მიმართ არსებული მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა და გაძლიერებული ფოკუსი რეგიონზე. საანგარიშო პერიოდში შედგა აშშ-ის კონგრესის დელეგაციების 3 ვიზიტი საქართველოში.

 

აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა 2022 წლის 15 მარტს დამტკიცებული აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი, რომელიც, უკვე მე-7 წელია, მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ 2022 ფისკალური წლისთვის საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსება კვლავ უმაღლეს ნიშნულზეა და 132 025 000 აშშ დოლარს შეადგენს. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკანონმდებლო დონეზე გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია 2022 წლის 26 აპრილს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ დამტკიცება, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მზაობისა და აშშ-ის კონგრესის მხრიდან საქართველოს მიმართ მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერის მკაფიო დასტურია, განსაკუთრებით, არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე.

 

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას არა მარტო ორმხრივ, არამედ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების კონტექსტში. 2021 წლის 6-7 და 11 ივნისს, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი − ფილიპ რიკერი ორჯერ ეწვია საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში, რომლის დროსაც, საქართველოს პრემიერ-მინისტის აქტიური ჩართულობითა და ფასილიტაციით, შედგა მნიშვნელოვანი შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. 2021 წლის 4 ნოემბერს შედგა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ერიკა ოლსონის ვიზიტი თბილისში.

 

2021 წლის 20 − 25 სექტემბერს ნიუ-იორკში იმყოფებოდა საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალურ დებატებში მონაწილეობის მიღების მიზნით. გენერალური დებატების მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, გაეროში ვიზიტით აგრეთვე იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. 24 სექტემბერს შედგა პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების ფარგლებში. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა გამართა 6 ორმხრივი შეხვედრა: გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან; თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან; ლატვიის პრეზიდენტთან, ეგლის ლევიტსთან; ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან, სებასტიან კურცთან; ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან, შეიხ საბაჰ ჰალედ ალჰამად ალსაბაჰთან და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, კირიაკოს მიტსოტაკისთან.

 

უკრაინისადმი სოლიდარობა გამოიხატება არა მხოლოდ ორმხრივ ფორმატში პრაქტიკული მხარდაჭერით, არამედ საქართველოს მტკიცე პოზიციებით, რეზოლუციების დასპონსორებით/თანადასპონსორებით თუ განცხადებებზე მიერთებით ყველა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში. 2022 წლის 28 თებერვალს, საქართველო მიუერთდა ევროკავშირის შემზღუდავ სანქციებს დონეცკსა და ლუჰანსკზე. ამასთან, საერთო ჯამში, თებერვლიდან მოყოლებული, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, საქართველოს მიერ უკრაინისადმი მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობამ 260-ს მიაღწია.

 

იმ პირობებში, როდესაც უმეტესმა სახელმწიფოებმა თავიანთი დიპლომატიური მისიები კიევიდან გაიყვანეს, საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებს არცერთი დღით არ შეუჩერებიათ ფუნქციონირება და დღესაც რჩებიან ადგილზე როგორც კიევში, ისე ლვოვსა და ოდესაში. ქართველი დიპლომატები უწყვეტად აგრძელებენ უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერის კოორდინაციას საქართველოს მოქალაქეთა დახმარებას.

 

ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას, რაც ასევე მოიცავს საქართველოში შემოსული უკრაინელი მოქალაქეების საცხოვრებლითა და სხვა რესურსებით უზრუნველყოფას. დღეის მდგომარეობით, უკრაინაში გაიგზავნა 1000 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი (150 ტონა საჰაერო, ხოლო დანარჩენი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებით). საქართველომ უკრაინისთვის უკვე გამოყო 7 მილიონი აშშ დოლარი და ქვეყანა აგრძელებს ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას.

 

გაგრძელდა რეგიონში დაბალანსებულ და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე დამყარებული პოლიტიკის განხორციელება. მიმდინარეობდა მუშაობა რეგიონში დასავლელი პარტნიორების კიდევ უფრო აქტიურად ჩართვის მიზნით, რუსეთის ნეგატიური გავლენის დასაბალანსებლად სამხრეთ კავკასიაში.

 

რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველომ წამოაყენა მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა, რომლის მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა. მიმდინარეობს კონსულტაციები აზერბაიჯანსა და სომხეთთან ამ ინიციატივის ფარგლებში კონკრეტული თანამშრომლობის მიმართულებებზე.

 

საქართველომ, ე. წ. 3+3 რეგიონული პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით დააფიქსირა ცალსახა პოზიცია − იმ პირობებში, როდესაც რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფას და ამავდროულად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ეთნიკურ ნიადაგზე, მიუღებელია რუსეთის ფედერაციასთან ამ ფორმატში თანამშრომლობა.

 

2021 წლის 1 ივნისს განხორციელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთში და გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. აგრეთვე საქართველოსა და თურქეთს შორის უმაღლესი დონის შეხვედრა შედგა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში.

 

2021 წლის 29 სექტემბერს, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მე-8 მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისია, რომელსაც თანათავმჯდომარეობდა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მიმდინარე წლის 26-27 აპრილს შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ქვეყნის პირველ პირებთან შეხვედრების დროს, განხილულ იქნა ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებისა და გაღრმავებისაკენ გადასადგმელი ნაბიჯები.

 

9 სექტემბერს, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ხელმეორედ არჩევის შემდეგ, პირველი ორმხრივი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. ამასთან, 2021 წლის 9 ოქტომბერს, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის − ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში, ხოლო 2021 წლის 19-20 დეკემბერს − გაიმართა საქართველოსა და სომხეთს შორის სამთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის რიგით მე-11 სხდომა, რომელსაც თანათავმჯდომარეობდა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. 2022 წლის 29-30 აპრილს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner