საქართველოს მთავრობა საანგარიშო პერიოდში აგრძელებდა აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას, ჩართულობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით, ასევე სამშვიდობო ინიციატივით − „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გათვალისწინებული მიმართულებებისა და სტატუს-ნეიტრალური მექანიზმების ეფექტიანი განხორციელების გზით, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის, ნდობის აღდგენისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობას.
შეუფერხებლად გრძელდებოდა „სახელმწიფო რეფერალური პროგრამის“ ეფექტიანი ფუნქციონირება და მის ფარგლებში საჭირო სამედიცინო მომსახურების უფასოდ გაწევა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის. საანგარიშო პერიოდში ამ მომსახურებით აფხაზეთის რეგიონიდან 977-მა, ხოლო ცხინვალის რეგიონიდან 271-მა ადამიანმა ისარგებლა. გარდა ამისა, სტატუს-ნეიტრალური საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით, საქართველოს მთავრობა აფხაზეთს რეგულარულად აწვდიდა იმუნიზაციის ვაქცინებს, დიაბეტის წამლებს, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკებსა და აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტებს, რომელთა ღირებულებამ ჯამში მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.