მიმდინარეობს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის პოლიტიკისა და ინსტიტუციური გაძლიერების პროცესი. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციითა და სამოქალაქო საზოგადოებისა და უცხოელი პარტნიორების აქტიური ჩართულობით, შემუშავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია.
პროცესში აქტიურად მონაწილეობდა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI). დოკუმენტის საბოლოო ვერსია დამატებით განახლდა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული აგრესიისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევების შესაბამისად. ამ ეტაპზე დოკუმენტი მზად არის დამტკიცების პროცედურების დასაწყებად.
ასევე, მიმდინარეობს საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლება. ბოლო პერიოდში უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ცვლილების ფონზე, მოცემული ეტაპისთვის, ხდება დოკუმენტის სათანადო ნაწილების გადახედვა და არსებულ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუშაობის დაწყება იგეგმება ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების მიზნით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 სექტემბრის №482 დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021 − 2024 წლების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა“ და დაიწყო იმპლემენტაციის აქტიური ფაზა.
„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 23 თებერვლის №85 დადგენილებით დამტკიცდა „კომპიუტერული ინციდენტების კლასიფიცირების წესი“, რომელიც განსაზღვრავს სავალდებულო კრიტერიუმებს, რითაც ინციდენტზე მოპასუხე დაწესებულება განსაზღვრავს ინციდენტის სიმძიმეს მისი შესაბამისი კლასიფიცირებისთვის.
ქვეყანაში უსაფრთხო გარემოსა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი რეფორმები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომელიც საპოლიციო საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს. გაგრძელდა ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების მკაფიო გამიჯვნის პროცესი. ასევე გრძელდება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის განვითარება და მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის გაფართოება, რომლის უმთავრესი ამოცანაა დანაშაულის პრევენცია.
აღსანიშნავია, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში განხორციელდა მართლწესრიგის ოფიცრის რეფორმა და მართლწესრიგის ინსტიტუტი დედაქალაქის მასშტაბით სრულად ამოქმედდა. მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან მართლწესრიგის ოფიცრები თბილისის ყველა რაიონში მუშაობენ.
გარდა ამისა, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო დონორების დაფინანსებით განხორციელდა არაერთი სასწავლო კურსი მართლწესრიგის ოფიცრების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.
ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება გამოძიების ხარისხის ზრდა. ამ მიმართულებით 2021 წლის 24 ნოემბერს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს საგამოძიებო მექანიზმის გაძლიერებას და ემსახურება გამოძიების პროცესში გამომძიებელსა და პროკურორს შორის უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების გამიჯვნას, გამოძიების პროცესში გამომძიებლის როლის გააქტიურებასა და მისი დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას.
ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით გამკაცრდა კანონმდებლობა და ნარკოტიკების გასაღებისთვის სასჯელის მინიმალურ ოდენობად განისაზღვრა 10 წელი, ცალკეულ შემთხვევებში სასჯელი უფრო მკაცრია და უვადო თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში დაკავებულ იქნა 149 ნარკორეალიზატორი და ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობაში ჩართული 19 პირი, გამოვლინდა 7 ინტერნეტნარკოსარეალიზაციო მაღაზია, ე. წ. „დრაგშოპი“ და 1 ნარკოლაბორატორია, უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ იქნა: 17,5 კილოგრამი ჰეროინი, 1,5 კილოგრამი ალფა პვპ, 12,5 კილოგრამი კოკაინი, 5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო აქტიურად და წარმატებულად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან. საანგარიშო პერიოდში, სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე განხორციელდა ერთობლივი საერთაშორისო კონტროლირებადი მიწოდება, მაგალითად, 2021 წლის ივლისში განხორციელებული საერთაშორისო კონტროლირებადი მიწოდების ფარგლებში უკრაინის რესპუბლიკაში ამოღებულ იქნა 368 კგ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელიც დასავლეთ ევროპისთვის იყო განკუთვნილი და დაკავებულ იქნა ორგანიზებული დაჯგუფების ორი წევრი.
საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, გაგრძელდა ნარკოდანაშაულის გამოძიების საკითხებზე გამომძიებელთა გადამზადება. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა.
საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა მუშაობა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე. დოკუმენტი წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებზე ფართო კონსენსუსის საგანს. ქვეყნის ინსტიტუციური დემოკრატიისკენ სწრაფვა, სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური უფლებებით თანაბარი სარგებლობა, თანასწორობის პოლიტიკის განმტკიცება და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვა სახელმწიფო პოლიტიკის ის ძირეული ბაზისია, რომელსაც ადამიანის უფლებების ახალი სტრატეგია დაეფუძნება. სტრატეგია ზედმიწევნით ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს და თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. დამტკიცებამდე დოკუმენტი გაუზიარდება პარტნიორ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შენიშვნებისათვის, რაც აისახება დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში და მისი მთავრობის მიერ მოწონების შემდგომ, დოკუმენტი გაიგზავნება საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესის პარალელურად, დაიწყო მუშაობა ორ ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე:
ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს 1325 რეზოლუციის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმა;
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა.