logo_geo
eng_logo
„სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესება მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის“ - მთავრობის ანგარიში
- +

1 ივნისი. 2022. 15:57

 

 

სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესება მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის, რისთვისაც გრძელდება უფრო მეტად ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბება.

 

აღსანიშნავია, რომ დღგ-ის ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების მიმართულებით 2020 წლის ნოემბრიდან დაინერგა დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების სისტემა, რომელიც გახდა სრულად ავტომატური და გულისხმობს გადასახადის გადამხდელთა პირად საბანკო ანგარიშზე დასაბრუნებელი თანხის გადამხდელის მოთხოვნის გარეშე (ავტომატურად) ასახვას. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული საგადასახადო ადმინისტრაციების შეფასების ინსტრუმენტის (TADAT – Performance Outcome Area 8 – Adequacy of the VAT refund system) მიხედვით, დღგ-ის დაბრუნების არსებული სისტემა შეესაბამება B ქულას.

 

აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ტრასტების ინსტრუმენტის დანერგვაზე და ფინანსური ზონის განვითარებისათვის, ფინანსური ბაზრების იმ სეგმენტების განსაზღვრაზე, რომლებსაც გააჩნიათ პოტენციალი, ხელი შეუწყონ საქართველოში რეგიონული ჰაბის განვითარებას.

 

საამისოდ მთავრობის მიერ დაქირავებულ იქნა Rothschild & Co და Kaiser Partners-ი, რომლებთან ერთადაც ამჟამად მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები და მომზადებულია შუალედური გზამკვლევი (Interim Roadmap). ფინანსური ცენტრის განვითარების ფარგლებში, აგრეთვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც გაწეული სამუშაოსა და ფინანსური ცენტრის განვითარებისათვის სხვა საჭირო საკითხებს განიხილავს. Rothschild & Co და Kaiser Parnter-თან თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდება სტრატეგიული გზამკლევი (Strategic Roadmap), რომელიც ხელს შეუწყობს ფინანსური ცენტრის განვითარებისათვის შემდგომი იმპლემენტაციის ნაბიჯების განსაზღვრას.

 

გარდა ამისა, კაპიტალის ბაზრის სტიმულირების მიზნით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო განვითარების პარტნიორებსა და რეგიონულ საინვესტიციო ფონდებთან, რათა ადგილობრივად მოხდეს საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარება − კერძო და ვენჩერული კაპიტალის ფონდების შემოყვანის გზით. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს „კატაპულტ ჯორჯიასთან“. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კაპიტალის ბაზარზე ემისიების სტიმულირებისათვის ევროკავშირის დაფინანსების ფარგლებში, მიმდინარეობს პროგრამა, რომელიც ბიზნესებს გაუწევს ფინანსურ მხარდაჭერას წილობრივი ან სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში.

 

მეწარმეობის განვითარების მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

 

საკრედიტო საგარანტიო სქემა − საანგარიშო პერიოდში პროგრამაში 284 სესხი ჩაერთო, რომელთა მოცულობა შეადგენს 195.6 მლნ ლარს, აქედან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გარანტირებულია 144.5 მლნ ლარი, ხოლო გადარიცხული თანხების ოდენობა შეადგენს 30.4 მლნ ლარს. პროგრამა გულისხმობს სესხის ძირი თანხის არა უმეტეს 80%-ის გარანტირებას. პროგრამის ფარგლებში, რეგისტრირდება კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხები, მოცულობით − 50 ათასი ლარიდან (20 ათასი − მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში) 5 მლნ ლარამდე. პროგრამის მიზანია ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები, ეკონომიკის დაკრედიტების ხელშეწყობა და ინკლუზიური ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფა;

 

სესხის/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსება − საანგარიშო პერიოდში გაფორმდა 488 ხელშეკრულება 431 ბენეფიციართან. პროექტების ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 911.6 მლნ ლარს, ხოლო დაგეგმილი ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობაა − 8027. 2021 წლის 1 სექტემბრიდან ხორციელდება სესხის/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსების განახლებული პროგრამა (ბიზნესუნივერსალი), რომელიც ბენეფიციარებს დამატებით სთავაზობს საგარანტიო და საგრანტო კომპონენტებს. თანადაფინანსების საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება შემდეგნაირად: სესხებისთვის − საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5% და ლიზინგისთვის − 3%. სესხის მოცულობა/ლიზინგის საგნის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 50 ათასსა და არა უმეტეს 10 მლნ ლარს. თანადაფინანსების პერიოდი ვრცელდება სესხის ვადის სრულ პერიოდზე. საგარანტიო კომპონენტის ფარგლებში, შესაძლებელია სესხის ძირი თანხის მოცულობის არა უმეტეს 60%-ის გარანტირება. გრანტის მექანიზმით სარგებლობენ დადგენილებით განსაზღვრულ ეკონომიკურ საქმიანობებში ჩართული ბენეფიციარი კომპანიები (50-მდე პრიორიტეტული დარგი, რომელსაც აქვს ექსპორტის ზრდისა და იმპორტის ჩანაცვლების მნიშვნელოვანი პოტენციალი − ბიზნესექსპორტის კომპონენტი), არა უმეტეს სესხის ძირი თანხის/ლიზინგის საგნის ღირებულების 15%-ის მოცულობით, არა უმეტეს 500 ათასი ლარისა. საპილოტე რეგიონებში (იმერეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი) გრანტის მოცულობა განისაზღვრება შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხის/ლიზინგის საგნის ღირებულების 10% − 50 ათასი − 1 500 ათასი ლარის მოცულობის სესხებზე/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობის შემთხვევაში და 20% − დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობებისთვის;

 

მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა − 2021 წლის ივნისიდან აგვისტოს პერიოდში დაფინანსდა 2020 წლის მიკრო და მცირე გრანტების პროგრამის კონკურსში გამარჯვებული 689 ბენეფიციარი, ჯამურად − 14 303 493 ლარის მოცულობის გრანტით. 2022 წლის მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში საქართველოს მასშტაბით დარეგისტრირდა 14 823 მეწარმე, საიდანაც შემდეგ ეტაპზე გადავიდა 4156 აპლიკანტი. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, გრანტის მოცულობა შეადგენს 30 000 ლარს, ხოლო საპილოტე რეგიონებში (იმერეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი) − 40 000 ლარს. ასევე 2022 წლიდან კონკურსში მონაწილე შშმ პირებს, ბიზნესიდეების შეფასების ეტაპზე, ავტომატურად ენიჭებათ დამატებითი 2 ქულა;

 

იპოთეკური სესხების თანადაფინანსება − 2021 სექტემბრიდან ხორციელდება იპოთეკური სესხების თანადაფინანსების პროგრამა, რომლის მიზანია, დაეხმაროს სახლის შეძენაში/აშენებაში ოჯახებს/მარტოხელა მშობლებს/ქვრივებს, თანადაფინანსების საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია ბავშვების რაოდენობაზე და შეადგენს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3.5% ან 1.5%, არა უმეტეს 6-8%-ისა. სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 200 000 ლარს, ხოლო თანადაფინანსების პერიოდი − 5 წელს. 2022 წლის მაისის ჩათვლით, პროგრამაში ჩაერთო 2 343 ბენეფიციარი 259 მლნ ლარის მოცულობის სესხით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner