ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და Gino Paradise-მა უკრაინელ ბავშვებს აკვაპარკში უმასპინძლა. 100-მდე უკრაინელი ბავშვისთვის აკვაპარკში მდებარე წყლის ატრაქციონები და გასართობი ობიექტები უფასო იყო. ბავშვთა დაცვის დღე უკრაინელ ბავშვებს აკვაპარკში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამაზ იორაშვილმა მიულოცა.
„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და Gino Paradise-ის ორგანიზებით უკრაინელი ბავშვებისთვის მოეწყო სხვადასხვა გასართობი აქტივობები. ბავშვებს ვულოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს და ვუსურვებთ მათი მიზნების, ოცნებების ასრულებას და რა თქმა უნდა საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, თამაზ იორაშვილმა.
„Gulf Hotels Group და Gino Paradise-მა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და მერიასთან ერთად დღეს შევძელით მივიღოთ სტუმრები, როგორც სასტუმროებიდან, ასევე თავშესაფრებიდან. ჩვენ ვმასპინძლობთ დღეს როგორც უკრაინელებს, ასევე ქართველებს. გვინდა ეს დღე განსაკუთრებული იყოს როგორც მათთვის, ასევე ჩვენთვის. გვსურს ისეთი ლამაზი დღე გამოვიდეს, როგორიც ჯერ არ ჰქონიათ საქართველოში“, - აცხადებს Gino Paradise-ის მარკეტინგის მენეჯერი გიორგი გობაძე.
„ჩვენ უკრაინიდან ვართ, რუსეთის აგრესიის გამო იძულებული გავხდით სახლები დაგვეტოვებინა და საქართველოში ჩამოვსულიყავით. ქართველები როგორც ნამდვილი მეგობრები ღიმილით დაგვხვდნენ და ძალიან დაგვეხმარნენ. ჩვენ ამჟამად სასტუმროში ვცხოვრობთ.
საქართველოში ძალიან თბილად მიგვიღეს, ბავშვთა დაცვის დღეს ჩვენ ძალიან კარგ აკვაპარკში ვისვენებთ. როგორც დედამ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ტურიზმის ადმინისტრაციას, რომ ჩვენს ბავშვებს ასეთი მშვენიერი დღე აჩუქეს“, - ამბობს ელენა კისტრიცა უკრაინიდან.
„მე მოვედი რომ ვითამაშო და ვიცურაო და გავერთო ჩემს მეგობრებთან ერთად, რომლებიც ჩემთან ერთად ჩამოვიდნენ. აკვაპარკში აუზზე ვიცურავე ჩემს მეგობართან ერთად და ძალიან მომეწონა. მინდა მადლობა გადავუხადო ჯინოს“, - ამბობს მარია უკრაინიდან.