საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 − 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად, გრძელდება საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარება.
2022 წლის 10 მარტს, „ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ მეორე საპილოტე რეგიონში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ოუფენ ნეტმა“ დაასრულა ოპტიკური ქსელის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ფარგლებში, მოეწყო 50 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, რაც 13 დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ 10,500-ზე მეტ მოსახლეს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლოს ელექტრონული ჯანდაცვით, ელექტრონული განათლებით, ელექტრონული კომერციით და სხვა თანამედროვე სერვისებით. ამასთან, მოწყობილი ინფრასტრუქტურა, კერძო სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს უქმნის მათი არსებული ქსელის გაფართოების ახალ შესაძლებლობებს.
ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, პროექტ „Log-In Georgia-ის“ ფარგლებში, გამოცხადდა ოთხი ტენდერი: რაჭის, ლეჩხუმის, სამტრედია-ჩოხატაურისა და ქობულეთი-ხელვაჩაურის სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში. მათგან, რაჭისა (150 კმ; 20 დასახლებული პუნქტი; 11,000 მოსახლე) და ლეჩხუმის (145 კმ; 21 დასახლებული პუნქტი; 10,000 მოსახლე) ტენდერის ფარგლებში, უკვე გაფორმდა ხელშეკრულებები და დაწყებულია საპროექტე სამუშაოები, ხოლო 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმება ქსელის მშენებლობის დასრულებაც; ამასთან, მიმდინარეობს გამარჯვებულის გამოვლენა სამტრედია-ჩოხატაურისა (137 კმ; 20 დასახლებული პუნქტი; 9,000 მოსახლე) და ქობულეთი-ხელვაჩაურის (134 კმ; 37 დასახლებული პუნქტი; 36,000 მოსახლე) ტენდერებზე.
ინტერნეტსერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 200-ზე ნაკლებია და არ იფარება სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, გრძელდება სათემო ინტერნეტიზაციის ხელშემწყობი მოსამზადებელი ღონისძიებები. საანგარიშო პერიოდში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელდა დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და დაიწყო სათემო ინტერნეტქსელების დაგეგმარება.
ამავე პროექტის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპილოტე პროგრამის 49 დასახლებულ პუნქტში მოსახლეობის ციფრული ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვისათვის ჩატარდა კვლევითი სამუშაოები. მოსახლეობის გამოკითხვისა და შეფასების საფუძველზე, გამოვლინდა მიმართულებები, რომელთა განვითარებაც ხელს შეუწყობს სოფლად დასახლებული მოსახლეობის ციფრულ სამყაროში ჩართვასა და ახალი ციფრული შესაძლებლობების უკეთ გამოყენებას. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ეთნიკური და სოციალური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ ინტერნეტითა და ციფრული სერვისებით სარგებლობის ხელშეწყობის განვითარებას.
სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების მიზნით, რომელიც მოიაზრებს ციფრული სატრანზიტო კორიდორისა და საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარებას და რომელიც, ასევე განსაზღვრულია საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგიით, მსოფლიო ბანკის ექსპერტების ჩართულობით ,მომზადდა ტექნიკური დავალება ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესწავლისა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორისა და საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების კონცეფციის მომზადების მიზნით.