საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
მათ შორის:
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ დაფინანსდა ჯამში 754 პროექტი;
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა დაახლოებით 4200 ინფრასტრუქტურული პროექტი, ხოლო 2022 წელს შერჩეულია დაახლოებით 4000 ინფრასტრუქტურული პროექტი;
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 2021 წელს დაფინანსდა 16 პროექტი.
საანგარიშო პერიოდში დასრულდა და ამ ეტაპზე განხორციელების პროცესშია არაერთი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ემსახურება რეგიონულ განვითარებასა და მოსახლეობისა და ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.
კვლავ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მთის განვითარებას. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სოციალური შეღავათებისთვის საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიმართა 98 მილიონ ლარზე მეტი. ამასთან ერთად, 2020 − 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს ურბანული განახლების, ინტეგრირებული ადგილობრივი და ტურიზმის განვითარების მიმართულებებით − 130 პროექტი. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ განხორციელდა EU4ITD პროგრამის ფინანსური შეთანხმების პოლიტიკის მატრიცის პირობების განხორციელების შეფასება, სადაც მატრიცის ინდიკატორების თითოეული სამიზნის შესრულება შეფასდა 100%-ით, შედეგად, 2022 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტში ევროკავშირის მიერ სრულად და უდანაკარგოდ იქნება ჩარიცხული EU4ITD ფინანსური შეთანხმების მე-2 ტრანში (5 მილიონი ევრო).