logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მეჩაიეობის დარგის თანმიმდევრულ განვითარებას ქვეყანაში
- +

1 ივნისი. 2022. 16:45

 

 

კომიტეტის სხდომაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის მეჩაიეობის პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის ანგარიში და შემუშავებული რეკომენდაციები კოლეგებს გააცნო აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, რომელიც აღნიშნულ სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდა.  

 

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტი მეჩაიეობის დარგში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას ახდენს და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს დარგის ეფექტიან განვითარებას.

 

„ჯგუფმა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა ჩაატარა, გავაანალიზეთ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, ასევე, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტები. შემუშავდა დარგის SWOT ანალიზი. სუსტი მხარეებიდან გამოიკვეთა ის, რომ ქვეყანაში აღარაა დარჩენილი ჩაის სანაშენეები, ახალი პლანტაციების გაშენება საკმაოდ ძვირია და ბევრ დროს მოითხოვს, მასობრივად მიმდინარეობს ჩაის პლანტაციების ჩანაცვლება სხვა კულტურებით და სხვა. დარგში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, სამუშაო ჯგუფმა სახელმწიფო ორგანოებისათვის მოამზადა რეკომენდაციები და განსაზღვრა მათი შესრულების ვადები. ამ რეკომენდაციების მიზანია ხელი შეუწყოს მეჩაიეობის დარგის თანმიმდევრულ განვითარებას ქვეყანაში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა. 

 

რეკომენდაციათა შორისაა ჩაის ფართობების ინვენტარიზაცია, მეჩაიეობის დარგის განვითარების 5-წლიანი სახელმწიფო ხედვის დოკუმენტის მომზადება, „ჩაის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება და „ჩაის გზის“ სამოქმედო გეგმის შემუშავება. 

 

ნინო წილოსანის განცხადებით, აგრარულ საკითხთა კომიტეტი, უფლებამოსილების ფარგლებში, აქტიურ ზედამხედველობას გაუწევს სამუშაო ჯგუფის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების შესრულების პროცესს. 

 

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „მეაბრეშუმეობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული მეაბრეშუმეობის ასოციაციის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზეც იმსჯელა. 

 

საკანონმდებლო წინადადების ავტორები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ მეაბრეშუმეობის 15-საუკუნოვანი დარგის მიმართ პროტექციონისტული პოლიტიკა უნდა გაატაროს და ხელი შეუწყოს ქვეყანაში მეაბრეშუმეობის განვითარებას. 

 

მათივე განცხადებით, დაზარალებული მეაბრეშუმეობის დარგის აღორძინებას კი უდავოდ ხელს შეუწყობს შესაბამისი კანონმდებლობის მიღება. 

 

კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა.

 

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად უარყოფითია კომიტეტის დასკვნა, ვთანხმდებით თავად საკითხის აქტუალობაზე და მის საჭიროებაზე. ჩვენი დასკვნის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ აგრარულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თითოეული დარგობრივი მიმართულებით სპეციალური კანონმდებლობის შექმნას. სამინისტრო თავის პოლიტიკას ძირითადად აწარმოებს პროგრამული დახმარების და სუბსიდირების კუთხით. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით კი, გარკვეულწილად საქმე გვაქვს პროტექციონისტულ პოლიტიკასთან, რომელიც არ არის თანხვედრაში თავისუფალი ვაჭრობის იმ პრინციპებთან, რომლებსაც ჩვენი ქვეყანაა მიერთებული. შესაბამისად, ამის გათვალისწინებით და გამომდინარე იქიდანაც, რომ თავად საკანონმდებლო ბაზა არ იცნობს ცალკეული მიმართულებებით კანონმდებლობების შექმნას, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მხარი არ დაეჭირა საკანონმდებლო წინადადებისთვის. ამასთან, მსურს განვაცხადო, რომ აღნიშნული საკითხი ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, იქნება ეს ბიუჯეტის განხილვა, პროგრამების შემუშავება თუ ცვლილებები კანონმდებლობაში, მუდმივად იქნება ჩვენი კომიტეტის ყურადღების არეალში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner