მსოფლიო აგროსასურსათო ბაზარზე დღეს არსებულმა ვითარებამ ნათლად გამოაჩინა, რომ სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება თითოეული ქვეყნისა და, მათ შორის, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, რისკენაც უკანასკნელ წლებში განსაკუთრებული ძალისხმევაა მიმართული.
2021 წელი აგროსასურსათო სექტორისათვის მნიშვნელოვანი წინსვლით გამოირჩა:
აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 1.1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 21.2%-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში 72%-ით შემცირდა აგროსასურსათო პროდუქციით საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სავაჭრო სალდო;
მზარდია ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი − უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში დაფიქსირდა 76.7%-იანი ზრდა და 2021 წლის მონაცემებით 180 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
სტაბილურად ფართოვდება ექსპორტის გეოგრაფია − საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა 99 ქვეყანაში, მაშინ როცა 2020 წელს ეს მაჩვენებელი 92 ქვეყანას შეადგენდა, ხოლო 2012 წელს − 75-ს;
ისტორიული შედეგები დაფიქსირდა ღვინის წარმოების მიმართულებით. მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებულ იქნა 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან ერთად, უკანასკნელ პერიოდში, თითქმის 5-ჯერ გაიზარდა გადამუშავებული ყურძნის მოცულობა და ჯამურად 243 ათასი ტონა შეადგინა. გაიზარდა გადამუშავებული ყურძნის ღირებულებაც და აღნიშნული მაჩვენებელი 300 მილიონ ლარს გაუტოლდა;
წინასწარი მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში პირველადი პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელმა 6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 2.4 მლრდ ლარით (65%), ხოლო 2020 წლის მაჩვენებელს − 0.2 მლრდ ლარით (3.6%) აღემატება. დამატებული ღირებულების მაჩვენებელმა, 3.7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელზე 1.5 მლრდ ლარით (65%), ხოლო 2020 წლის მაჩვენებელზე − 0.1 მლრდ ლარით (3%) მეტია. სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების შედეგად მიღებული მთლიანი გამოშვება 7.3 მლრდ ლარს გაუტოლდა. ეს მაჩვენებელი 2012 წლის მაჩვენებელს 3.2 მილიარდი ლარით (80%), 2020 წლის მაჩვენებელს კი − 1 მილიარდი ლარით (15%) აჭარბებს.
ფინანსურ ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნითა და წარმოების პროცესების ხელშესაწყობად, კვლავ გრძელდება მეწარმეთა მხარდაჭერა. სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის ფარგლებში, ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 4,67 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 980 მილიონ ლარს აჭარბებს. საანგარიშო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1,2 მილიარდი ლარია, აქედან კი სახელმწიფო თანადაფინანსება 370 მლნ ლარს შეადგენს.
საანგარიშო პერიოდში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ეგიდით, 10 257 უნიკალურ ბენეფიციარზე გაიცა 921 443 250 ლარის ღირებულების 11 500 სესხი, სახელმწიფოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ კი შეადგინა 136 767 736 ლარი. ამოქმედდა ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი, რომლის ფარგლებშიც 3 847 უნიკალურ ბენეფიციარზე გაიცა 65 604 999 ლარის ღირებულების 3 885 სესხი. სახელმწიფოს მიერ გაცემული და გასაცემი თანადაფინანსება 4 912 055 ლარს შეადგენს.
სახელმწიფო პროგრამამ − „დანერგე მომავალი“ 648 უნიკალური ბენეფიციარი მოიცვა, რომელთანაც 741 ხელშეკრულება გაფორმდა. დაკონტრაქტებულმა ფართობმა შეადგინა 5 284.41 ჰა. ინვესტიციის ოდენობა 82 247 438 ლარია, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფო თანადაფინანსება 36 834 845 ლარს შეადგენს.
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელშეკრულება გაფორმდა 2 332 უნიკალურ ბენეფიციართან. ინვესტიციის ოდენობამ მიაღწია 141 176 296 ლარს, აქედან ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფო თანადაფინანსებაა 45 463 108 ლარია.
სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროგრამის ფარგლებში, 2021 წელს კახეთის რეგიონსა და კასპის მუნიციპალიტეტში სეტყვის შედეგად დაზარალებულმა 1 297-მა ფერმერმა/ბენეფიციარმა დახმარების სახით ჯამში მიიღო 3 633 645 ლარი. დასეტყვილმა ფართობმა, რომელზედაც გაიცა დახმარება, 1226 ჰა შეადგინა.
მიმდინარე წლის მაისში ასევე დაიწყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 0.25-იდან 1.25 ჰექტარის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე განსაზღვრულია 300 ლარით (აგრობარათზე დარიცხული 300 ქულით). ქულების გამოყენება შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად სპეციალიზებულ მაღაზიებში. ამ ეტაპზე 76 255 ფერმერს დაერიცხა აგროქულები, სუბსიდიის ოდენობამ კი შეადგინა 13 124 952 ლარი.
სისტემური რეგისტრაციის წარმოების არეალებად განისაზღვრა საქართველოს 59 მუნიციპალიტეტი (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა). შემუშავდა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2021 წლის 17 დეკემბერს. შეტანილი ცვლილებებით განისაზღვრა, რომ 2025 წლის 1 იანვრამდე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება/ამ უფლებაში ცვლილება უსასყიდლოდ რეგისტრირდება. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ყველა სახის მომსახურება მოსახლეობას საცხოვრებელ ადგილზე მიეწოდება. მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვა/აზომვა, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და უფლებების რეგისტრაცია სააგენტოს მიერ წარმოებს.
სისტემური რეგისტრაციის პროცესის ხარისხის კონტროლი მიმდინარეობს ISO 19157 და ISO 2859-1 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში 2021 წლის 1 ივნისიდან დღემდე დარეგისტრირდა 40 018 მესაკუთრის უფლება 27 477 მიწის ნაკვეთზე, რომელთა ჯამური ფართობია 15 648 ჰა. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში რეგისტრირებულ მესაკუთრეთა 48.8% (19 544 მესაკუთრე) ქალია. აზომილია/იდენტიფიცირებულია 51 185 ერთეული მიწის ნაკვეთი, რომელთა ჯამური ფართობია 16 558.2 ჰა.
შესასრულებელი სამუშაოების წარმართვისთვის ორგანიზაციას ეტაპობრივად შემოუერთდნენ ახალი თანამშრომლები, ჩატარდა მათი სწავლება. 2022 წლის 10 მაისის მდგომარეობით, დასაქმებულია 408 ამგეგმავი, 224 რეგისტრატორი და 7 საჯაროდ გამოცხადების სპეციალისტი; შეძენილია 235 საამზომველო ხელსაწყოს კომპლექტი და 141 მაღალი გამავლობის ავტომობილი.