განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თბილისის 41-ე საჯარო სკოლასა და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში დააფუძნა უკრაინულენოვანი სექტორი, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მშობლიურ ენაზე აქვთ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა.
მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებისთვის სრულად არის შეთავაზებული უკრაინული სასწავლო პროგრამა. დამატებით ისინი შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და ასევე − საქართველოს ისტორიას. უკრაინულენოვან სექტორში დასაქმებული არიან უკრაინიდან ლტოლვილი პედაგოგები, ფსიქოლოგები, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინულენოვანი მასწავლებლები. ამ ეტაპზე უკრაინულენოვან სექტორზე ბათუმსა და თბილისში 400-ზე მეტი მოზარდი სწავლობს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში ჯამში 1000-მდე უკრაინელი მოსწავლე იღებს განათლებას.
სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში დასრულდა 43 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და მიმდინარეობს 17 საჯარო სკოლის მშენებლობა. დასრულდა 44 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და მიმდინარეობს 51 საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. დასრულდა 160-ზე მეტი სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია და მიმდინარეობს 100-მდე სკოლის ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები. აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, სენაკის ბაზაზე არსებული რეგიონული ინოვაციური ჰაბის მშენებლობა.
თბილისსა და რეგიონებში აშენდება და რეაბილიტირდება 800 სკოლა. უფრო კონკრეტულად, აშენდება 80 ახალი სკოლა და 220 სკოლა − სრულ, ხოლო 500 − ნაწილობრივ რეაბილიტაციას გაივლის. ამ უპრეცედენტო მასშტაბის მქონე პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1 მილიარდ ლარს და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სიკეთით ისარგებლებს 230 000-ზე მეტი მოსწავლე. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.
საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის სანიმუშო მაგალითს წარმოადგენს განათლების სისტემის მეგაპროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და 2022 წლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი პროგრამების დამატების შედეგად სწავლა წარიმართება უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე: ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში.
2022 სასწავლო წელს უნივერსიტეტი მიიღებს სტუდენტებს სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებისა და ინფორმაციის მართვის მიმართულებით. პროგრამა წარმოადგენს ბოლო წლების ყველაზე რეიტინგულ სამაგისტრო კურსს გერმანიაში. სწავლა წარიმართება უცხოელი პროფესორების ჩართულობით, ხოლო სწავლის გადასახადს საქართველოს მოქალაქეებისათვის სრულად ფარავს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“. წელსვე უნივერსიტეტი იწყებს საერთაშორისო სადოქტორო პროგრამების განხორციელებას.
საქართველო-ევროკავშირს შორის „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს შორის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმებას ბრიუსელში 7 დეკემბერს საზეიმოდ მოეწერა ხელი. შეთანხმების გაფორმებით, საქართველოს სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს საზოგადოებას ახალი შესაძლებლობებისკენ გაეხსნა გზა. Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები სარგებლობენ ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. ქართველ მეცნიერებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში.
დაფუძნდა Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი, რომლის მისიაა ევროკავშირსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის მედიაციისა და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა. 14 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკვე გაიხსნა საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისები, რომლებიც მოქმედებენ ჰორიზონტი ევროპის ეროვნულ ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობით.
საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა მუშაობა „კულტურის კოდექსის“ პროექტზე, რომელიც დაარეგულირებს კულტურის ყველა სფეროს, მათ შორის, კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობას. ასევე მუშაობა მიმდინარეობდა თეატრებისა და სახელოვნებო განათლების მარეგულირებელ დოკუმენტებზე.
კულტურის მართვის ეფექტიან მოდელზე გადასვლის მიზნით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამტკიცდა „კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესი“, რომელიც ითვალისწინებს როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასევე კულტურის სფეროში მოქმედი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების დაფინანსების განახლებულ მიდგომებს. ასევე შემუშავდა და დამტკიცდა „კულტურის ხელშეწყობის პროგრამა“, რომლითაც განისაზღვრა 11 პრიორიტეტული მიმართულება წიგნისა და ლიტერატურის, თეატრის, კინოს, სახვითი და თანამედროვე ხელოვნების, სახელოვნებო განათლების, ქართული ფოლკლორის განვითარების მიმართულებით, კულტურაზე ხელმისაწვდომობისა და კულტურაში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით.
2021 წელს, პროგრამის ფარგლებში ჩატარებული 46 კონკურსის შედეგად, დაფინანსდა 460-მდე პროექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. გარდა ამისა, განხორციელდა 50 არასაკონკურსო წესით დაფინანსებული პროექტი.
2022 წელს, კულტურის სფეროს მზარდი მოთხოვნების შესაბამისად, გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი და ქვეპრიორიტეტების ჩამონათვალი, რომელიც მოიცავს 36 საკონკურსო, 57 არასაკონკურსო და 4 სატენდერო ღონისძიებას. მიმდინარე წელს 23 კონკურსი ჩატარდა, საიდანაც 160-მდე პროექტი დაფინანსდა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შეიქმნა გენერალური ინსპექცია, რომლის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურულ ფასეულობათა დაცვა წარმოადგენს.
ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით საანგარიშო პერიოდში განხორციელდა და მიმდინარეობს 26-მდე მცირე და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის, სსიპ − საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის − „ერისიონის“ შენობა-ნაგებობის, სსიპ − ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ღია ტერიტორიაზე კულტურული ღონისძიებებისათვის განკუთვნილი სივრცის მოწყობის, შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი შენობის, სსიპ − ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის, სსიპ − სკოლის გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების − ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ შენობისა და სხვა საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე სსიპ − საქართველოს ხელოვნების სასახლის − კულტურის ისტორიის მუზეუმისა და სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის ქ. თბილისში ახალი შენობების შეძენა, სსიპ − ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ძველი შენობის საინჟინრო/კონსტრუქციული კვლევა და გამაგრების პროექტის მომზადება. გრძელდება ლევილის ქართულ მამულში დაგეგმილი პროექტის − პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის, ლევილის ქართული აკადემიის მშენებლობა. ასევე განხორციელდა მამულის ქონების ინვენტარიზაცია.
სახელმწიფოს მიერ ბოლო წლების განმავლობაში გაზრდილმა მხარდაჭერამ განაპირობა ის შთამბეჭდავი შედეგები, რომელიც ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო სარბიელზე მოიპოვეს. საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ, ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე, ტოკიოში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა. მას შემდეგ, რაც საქართველო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქართული დროშით ასპარეზობს, ჩვენმა სპორტსმენებმა ყველაზე მეტი მედლის მოპოვება შეძლეს (2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე 205 ქვეყანას შორის 33-ე ადგილი დაიკავეს. ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზე 2021 წლის მეორე ნახევარში მოიპოვეს 198 მედალი, ხოლო 2022 წლის პირველ ნახევარში − 156 მედალი (43 ოქრო, 45 ვერცხლი, 58 ბრინჯაო).
ქვეყნის პარაოლიმპიურმა გუნდმა 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა და ქართული პარალიმპიური სპორტის ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების მედალოსნებს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განსხვავებული ფულადი ჯილდო გადაეცათ. ოლიმპიურმა ჩემპიონებმა − ერთი მილიონი, ვერცხლის პრიზიორებმა − 500 ათასი, ხოლო ბრინჯაოს მედალოსნებმა − 250 ათასი ლარი მიიღეს.
საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე დაიმკვიდრა ღირსეული მასპინძელი ქვეყნის სტატუსი, რაც განაპირობა ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ჩატარებულმა ათეულობით მაღალი დონის სპორტულმა ღონისძიებამ. მიმდინარე წლის სექტემბერში თბილისი კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებს უმასპინძლებს, რისთვისაც სახელმწიფოს მხარდაჭერით ახალი, თანამედროვე სტანდარტების სპორტის სასახლე შენდება, რომელიც ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩვენს მომავალ თაობას მოემსახურება.
ბაკურიანი ემზადება 2023 წელს გასამართი სნოუბორდისა და ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც გახლავთ ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიება ზამთრის სპორტის სახეობებში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება. მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზების მიზნით, სახელმწიფომ ათეულობით მილიონი ლარი დახარჯა და კეთილმოეწყო ბაკურიანის სათხილამურო ტრასები. ღონისძიების დასრულების შემდეგ, საქართველოს დარჩება უმაღლესი დონის ზამთრის კურორტი, რომელიც მზად იქნება ნებისმიერი რანგის საერთაშორისო სპორტული ღონისძიების მისაღებად ზამთრის სპორტის სახეობებში. მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას საქართველოში ჩამოვა ასეულობით ტურისტი, სპორტული შეჯიბრებები გადაიცემა წამყვანი სპორტული არხების მიერ, მილიონობით აუდიტორიისთვის, რაც ცხადია კიდევ უფრო გაზრდის ბაკურიანის, როგორც ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული სპორტული კურორტის ცნობადობას.
2023 წელს საქართველო, რუმინეთთან ერთად, უმასპინძლებს 21-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს, ფინალური მატჩი კი ჩატარდება ბათუმის ახალ სტადიონზე. ევროპის ჩემპიონატის ღირსეულად მისაღებად დაწყებულია არაერთი სტადიონისა და სავარჯიშო მოედნის რეკონსტრუქცია, რომლისთვისაც სახელმწიფომ გამოყო 70 მილიონ ლარზე მეტი. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დარჩება უეფას (ევროპის ფეხბურთის ასოციაცია) სტანდარტებით რეკონსტრუირებული სტადიონები, რომელიც დააჩქარებს საქართველოში ფეხბურთის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას.