აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთანებული თემატური მოკვლევის - „DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების გადავადების შესახებ“ ფარგლებში გაიმართა პირველი ზეპირი მოსმენა, რომელზეც დასაბუთებული მოსაზრებების წარმომდგენი ორგანიზაციების ნაწილს მოუსმინეს.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანის ინფორმაციით, ეს მოკვლევა ინიცირებული იყო ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებით აგრარულ დარგში ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების გადავადებასთან დაკავშირებით და ამ თემატური მოკვლევის მიზანია, გამოავლინოს აგრარულ დარგში DCFTA-ის ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების გადავადების ობიექტური მიზეზები.
„ამ მოკვლევამ უნდა შეაფასოს აღსრულების გადავადების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ასპექტები, შეისწავლოს აღსრულების გადავადების მიზეზები და დაინტერესებული პირების ჩართულობით, შეიმუშაოს დასკვნები და რეკომენდაციები არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად. ამ მოკვლევაში მხარდაჭერას გვიცხადებს USAD-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, რომლის ექსპერტი ლაშა დოლიძე დაგვეხმარება საბოლოო დოკუმენტის შემუშავებაში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
დღეს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურენობის ორგანიზაციის წარმომადგენელ მიხეილ სოხაძეს და სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტ მატი ლამპს მოუსმინეს. მათ თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებს მოსაზრებები გაუზიარეს იმ გადავადებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც DCFTA-ის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰქონდა.
„თუ გვინდა, რომ ევროკავშირის ბაზარი ავითვისოთ, თუ გვინდა, რომ რეალური შედეგი მივიღოთ, ის ვალდებულებები, რაც აღებულია მეცხოველეობის, პესტიციდების, მემცენარეობის და მრავალი სხვა მიმართულებით, აუცილებლად უნდა იყოს დროში გაწერილი და სამინისტროს მხრიდან გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ მომავალში მაინც არ დაგვჭირდეს ამ ვალდებულებების გადავადება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
თემატური მოკვლევის ჯგუფი ხვალაც გააგრძელებს დასაბუთებული მოსაზრებების წარმომდგენი ორგანიზაციების ზეპირ მოსმენას.