შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-მა, 4 მოზარდს „112-ის გმირის“ წოდება მიანიჭა. მოზარდებმა ყველაზე მძიმე და გადამწყვეტ წუთებში სხვა ადამიანების გადასარჩენად, გადაუდებელი დახმარების ნომერზე დროულად დარეკეს.
ელენე წელაური, 6 წლის - ელენემ, 112-ში დედის დასახმარებლად დარეკა. დედა თავს ცუდად გრძნობდა და გონებას კარგავდა. სახლში ელენე უმცროს დებთან ერთად იმყოფებოდა. გოგონამ სრული სიზუსტით აუხსნა ოპერატორს მისამართი და სასწრაფოს გამოძახება ითხოვა.
ლუკა ბუცხრიკიძე, 13 წლის - ლუკამ ბებიის დასახმარებლად ქალაქ რუსთავიდან დარეკა. ბებია მაღალი წნევის გამო შეუძლოდ გახდა. აღსანიშნავია, რომ ლუკამ თავისი ხელით გაუზომა ბებიას წნევა, შემდეგ 112-ში დარეკა, ოპერატორს სრული სიზუსტით აუხსნა მისამართი და სასწრაფოს გამოძახება ითხოვა.
მარიამ ურუშაძე, 14 წლის - მარიამმა 112-ში სრულიად უცნობი ქალბატონის დასახმარებლად დარეკა. მისი გადმოცემით ავტობუსში ქალი წაიქცა და თავი დაარტყა. მარიამმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა და ბრიგადის მისვლამდე ქალბატონი მარტო არ დატოვა.
ვახტანგ გილაური, 10 წლის - ვახტანგმა 112-ში ბაბუის დასახმარებლად დარეკა. ოპერატორს, პირველ რიგში, მისამართის შესახებ მიაწოდა სრული ინფორმაცია და ისიც აღნიშნა, რომ ბაბუას ახალი გაკეთებული ჰქონდა გულის ოპერაცია და თავს ცუდად გრძნობდა.
პროექტი „112-ის გმირი“ 2016 წლიდან, ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ყოველ წელს ჯილდოვდება ყველა ის მოზარდი, რომელმაც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და კარგად იცის, თუ როგორ უნდა მოიქცეს გადაუდებელ შემთხვევებში.