ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერითა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ვეტერანი სპორტსმენი, ანატოლი ბოისა შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სპორტსმენმა მსჯავრდებულებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
კალათბურთელმა მსჯავრდებულებს საჩუქრად მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული სპორტული ინვენტარი გადასცა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კონცერტით აღინიშნა №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, სადაც მსჯავრდებულებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი და სხვადასხვა სახის ტკბილეულობა გადაეცათ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან საჩუქრები მიიღეს №2 დაწესებულებაში მყოფმა არასრულწლოვნებმა. სამსახურისგანვე გადაეცათ №5 (ქალთა) დაწესებულებაში არსებულ დედათა და ბავშვთა სახლში მყოფ სამ წლამდე პატარებსა და მათ მშობლებს თავის მოვლის ჰიგიენური საშუალებები და სათამაშოები.