კოვიდპანდემიის შოკის შედეგებმა და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენამ გარკვეული გამოწვევების წინაშე დააყენა სახელმწიფო ბიუჯეტი, მაგრამ საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების კარგი მაჩვენებლები გვაქვს, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც 2022 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების, რომელიც ძირითადი ინდიკატორია და გვაჩვენებს რა სიტუაცია გვაქვს არა მხოლოდ ფისკალური არამედ მაკროეკონომიკური კუთხით - გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, თითქმის 11 მილიონი ლარით მეტი შემოვიდა და გადასახადებიდან შემოსავლებმა 3 მლრდ. 688 მლნ. 100 ათასი ლარი შეადგინა. იანვარ-მარტში ბიუჯეტის შემოსულობები 4 მილიარდ 826 მილიონ 100 ათასი ლარია“, - აღნიშნა კოვზანაძემ და ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, 2022 წლის პირველ სამ თვეში ბიუჯეტიდან დაიხარჯა 4 მლრდ. 266 მილიონ 400 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 93.9%-ია, ანუ 275 მილიონ 900 ათასი ლარით ნაკლები.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა გააცნო.
მინისტრის მოადგილემ დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ნაერთი ბიუჯეტის მაჩვენებლების, ფისკალური პარამეტრების, შესრულების და სახელმწიფო მხარჯავი ორგანიზაციების მიერ საბიუჯეტო თანხების ათვისების შესახებ.
მისი თქმით, პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მაღალია და 14, 4 პროცენტს შეადგენს. წლიური ინფლაციის დონემ მარტის თვეში 11, 7 პროცენტი შეადგინა, კვარტლის მაჩვენებელი კი 11, 8 პროცენტია. სავალუტო კურსი დეკემბრის ბოლო მაჩვენებელთან შედარებით სტაბილურია, ეფექტური გაცვლითი კურსი გამყარდა 4,1 პროცენტით. მისი ინფორმაციით, პირველ კვარტალში მოგების გადასახადი 134 მილიონით მეტია, გადაჭარბებაა დღგ-ს ნაწილშიც და 126 მილიონ ლარს შეადგენს. მცირედი კლებაა საშემოსავლო გადასახადების კუთხით. შესრულების მაჩვენებელმა 93 მილიონი ლარი შეადგინა.
მინისტრის მოადგილემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტმა 2022 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში ცნობად მიიღო.