“ყველა პატიმარს სჭირდება თანაბარი მოპყრობა. სამედიცინო და ყველა სერვისი აქვს უზრუნველყოფილი და რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამ პასუხისმგებლობით იმოქმედებს,” - ასე უპასუხა სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე დასმულ შეკითხვას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„მიზანი არის ის, რომ ეს ადამიანი გავიდეს ქვეყნიდან, იქ იყოს თავისუფალ სივრცეში და მერე ალბათ, ახალი კონტეინერით თუ ტრაილერით შემოვიდეს საქართველოში, ეს არის მიზანი. არაჟნის კონტეინერებს რა დალევს, მე მგონია, რომ ამის პრობლემა მას არ ექნება. აუცილებლად ცდის ბედს. თვითონ თუ არ გადაწყვიტა, ვიღაცეები გადააწყვეტინებენ.
ამ დროს როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ? ძალიან მარტივად, კანონის შესაბამისად. იცით, რომ საქართველოში დაახლოებით 9 500 პატიმარია, რა თქმა უნდა არის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი, ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობა და ა.შ. ყველა უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურებით, სათანადო პირობებით. განსხვავებით იმ პერიოდისგან, რომელიც თავის დროზე შექმნა მიხეილ სააკაშვილმა. ყველაფერი უზრუნველყოფილია, სამედიცინო მომსახურება, სათანადო პირობები და ა.შ. ასეთ დროს, დაუშვებელია დისკრიმინაცია თუნდაც პოზიტიური კუთხით. როდესაც ერთი პატიმარი სარგებლობს გარკვეული პირობებით, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილიც უნდა სარგებლობდეს ზუსტად იგივე პირობებით. აქ ვერავითარ დიფერენციაციას სახელმწიფო ვერ მოახდენს. ეს იქნებოდა უთანასწორო მოპყრობა და დისკრიმინაცია. ყველა პატიმარს სჭირდება თანაბარი მოპყრობა. სამედიცინო და ყველა სერვისი აქვს უზრუნველყოფილი და რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამ პასუხისმგებლობით იმოქმედებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.