საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე, ბათუმში, ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელს, გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 31 მაისს, ბათუმში, გ.ო.-ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7 2159გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღო.
სამართალდამცველებმა გ.ო. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.