განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში - "ადრეული განათლება და ზრუნვა" მონაწილეობდა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამეცნიერო საზოგადოების და განათლების სფეროს წარმომადგენლებმა საქართველოში ხარისხიანი ადრეული განათლების საკითხებზე იმსჯელეს.
თამარ ტალიაშვილმა განათლების რეფორმასა და სკოლამდელი განათლების პოლიტიკის ადმინისტრირებაზე ისაუბრა და საზოგადოებას ამ მიმართულებით ხედვა საკანონმდებლო ორგანოს პერსპექტივიდან გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა განათლების სახელმწიფო სტანდარტებზე, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტებზე, სკოლამდელი განათლების რეფორმასა და სამომავლო გეგმებზე.
თამარ ტალიაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია აღნიშნულ სფეროში ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
„მნიშვნელოვანია, ადრეული განათლებისა და ზრუნვის სფეროში ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიის შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება. კონფერენციის სესიები უზრუნველყოფს პლატფორმებს აქტიური განხილვებისთვის და მოიცავს ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების პრეზენტაციებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კოვიდ-19-ის პანდემიის ზეგავლენა ადრეულ განათლებაზე, ადრეული განათლების ინოვაციური და ალტერნატიული მიდგომები, თამაშის როლი ადრეულ განათლებაში, პროფესიული კომპეტენციები, აღმზრდელთა-პედაგოგთა განათლება და პროფესიული განვითარება, მშობლების ჩართულობა, ინკლუზიური პრაქტიკა და ადრეული ინტერვენცია, რეგულაციები, სტანდარტები და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა", - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.