გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთის რეგიონში იმყოფება, სადაც სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს ეცნობა და ფერმერებს ხვდება.
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ დავიწყეთ იმ ფერმერების მხარდაჭერა, რომელთაც მცირე ნაკვეთები აქვთ და არა აქვთ წვდომა სესხებზე. ფერმერები პროგრამაში ძალიან აქტიურად არიან ჩართულები. პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 7 მლნ ლარის საქონელი უკვე შესყიდულია. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჩვენს ფერმერებს, შეუმცირდეთ ხარჯები და აწარმოონ უფრო მეტი ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. ჩვენ ამ მხარდაჭერას გავაგრძელებთ და გვექნება ძალიან ბევრი ახალი ინიციატივა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციის ფონზე, როცა ფასები მზარდია როგორც საწვავზე, სასუქებზე და სხვა პროდუქტებზე, მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა სახელმწიფოსგან მაქსიმალური მხარდაჭერა მიიღონ.