logo_geo
eng_logo
აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა ერთობლივი თემატური მოკვლევის ფარგლებში ზეპირი მოსმენა გამართეს
- +

2 ივნისი. 2022. 18:57

 

 

აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებთან არსებული თემატური მოკვლევის  - „DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების გადავადების შესახებ“ ჯგუფმა, მეორე ზეპირი მოსმენა გამართა, რომელზეც დასაბუთებული მოსაზრებების წარმომდგენ ორგანიზაციებს მოუსმინეს.

 

„ჩვენი თემატური  მოკვლევა ინიცირებულია ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებით აგრარულ დარგში ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების გადავადებასთან დაკავშირებით და მისი მიზანია,  გამოვავლინოთ აგრარულ დარგში, DCFTA-ის ფარგლებში, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების გადავადების ობიექტური მიზეზები. ეს არის ის ვალდებულებები, რომლებიც სექტორმა უნდა შეასრულოს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სექტორის გასაძლიერებლად და ამ სტანდარტების დასანერგად კონკრეტული სამუშაოები არ იქნა გაწეული, იქნება ეს ვეტერინარიის, პესტიციდების, მეცხოველეობის თუ რძის პროდუქტების მიმართულებით, სამწუხაროდ, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მოხდა ამ ვალდებულებების გადავადება. მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში დეტალურად მიმოვიხილავთ თუ რა ვალდებულებებია გადავადებული, სახელმწიფოს რა უნდა გაეკეთებინა, ან მომავალში რა უნდა გააკეთოს, რომ იმ სტანდარტებს მივუახლოვდეთ, რასაც ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გვთხოვს“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.

 

დღევანდელ მოსმენაში მონაწილეობდნენ მარინა მორგოშია, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; მიხეილ კუჭავა, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, აგრარული მიმართულების კონსულტანტი; ნათია გარგულია, შპს „ყვარლის ბაგა“-ს დირექტორი და მარიამ სპასოვი, შპს „რედიქსის“ წარმომადგენელი.

 

მათ თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებს თავიანთი მოსაზრებები გააცნეს გადავადებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, ისაუბრეს ასევე იმ გამოწვევბზე, რომლებიც დარგის წინაშე დგას და სახელმწიფოს მხრიდან  ამ პრობლემების მოსაგვარებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე.

 

შემდეგ ეტაპზე თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებსმოუსმენენ, ვინც უშუალოდ პასუხისმგებელია აგრარულ სფეროში აღებული  ვალდებულებების შესრულებაზე.

 

მოსმენების შემდეგ, თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიმუშავებს და  გამოაქვეყნებს დოკუმენტს, სადაც გაწერილი იქნება კონკრეტული რეკომენდაციები, გაცემული სამინისტროების მიმართ, თუ რა უნდა გაკეთდეს მათი მხრიდან იმისათვის, რომ ასოცირების ხელშეკრულებიდან და DCFTA-დან გამომდინარე ვალდებულებების გადავადება აღარ მოხდეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner