მიმდინარე წლის 2 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ინიციატივით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, კახა კაკაბაძის ორგანიზებით, უწყებაში, მორიგი საქმიანი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში, რომელიც ზუმ ფორმატში წარიმართა, სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აგრარულ სექტორში დასაქმებული ვეტერანების წინაშე არსებული გამოწვევები, რომლებიც მიწის დამუშავებასთანაა დაკავშირებული. დაისახა ამ გამოწვევათა დაძლევის გზები, რაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, სხვა სახელმწიფო ინსტიტუციებისა და კერძო კომპანიების ჩართულობას გულისხმობს. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის საგრანტო პროგრამებს, რომელთა ვეტერანების საჭიროებებსა და მათ შესაძლებლობებზე მორგებაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში მცხოვრები ვეტერანებისთვის. გამოიკვეთა ის მიმართულებები, რომლებიც ამ საგრანტო პროგრამებს ვეტერანებისთვის უფრო მოქნილს და მისაწვდომს გახდის.
შეხვედრაზე, სტუმრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი უდიდესი პატივისცემა იმ დიდი ღვაწლისა და პიროვნული დამსახურებისათვის, რაც ვეტერანებმა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში გასწიეს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მზად არიან, ვეტერანების თანადგომისთვის როგორც ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსით, ასევე, სოფლის მეურნეობის პროგრამებით და კობა კობალაძეს აღუთქვეს, რომ ამ მიმართულებით გაგრძელდება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან კოორდინირებული მუშაობა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა შალამბერიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე, გიორგი ფანცულაია და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის უფროსი, ლელა კიკნაძე.