ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს საპატენტო კანონში“ შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიღებით ძალაში შევა საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ 2019 წლის 31 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმება, რის საფუძველზეც ევროპულ საპატენტო განაცხადს და საქართველოში ვალიდირებულ ევროპულ პატენტს მიენიჭება იგივე იურიდიული ძალა და დაექვემდებარება იმავე პირობებს, რაც ვრცელდება ეროვნულ საპატენტო განაცხადზე და ეროვნულ პატენტზე საქართველოს კანონის მიხედვით.
„განმცხადებლის მოთხოვნით, ევროპული საპატენტო განაცხადი და მის საფუძველზე გაცემული ევროპული პატენტი ვალიდირებული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც უცხოელ განმცხადებლებს გაუმარტივებს საქართველოში გამოგონებების დაპატენტების პროცედურას“, - განაცხადა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ჩიქოვანმა.
კანონპროექტის მიღებით მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოში რეგისტრირებული პატენტების რაოდენობა და, შესაბამისად, ევროპული პატენტების საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდაციისა და მისი ძალაში შენარჩუნების საფასურთან დაკავშირებული შემოსავლები. კერძოდ, ვალიდაციის საფასურის წილი 75%-ის ოდენობით ჩაირიცხება საქპატენტში.
შეთანხმების ძალაში შესვლის შედეგად, EPO-ს მხრიდან „საქპატენტისათვის“ განხორციელდება ტექნიკური დახმარება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ექსპერტებისა და პატენტრწმუნებულების კვალიფიკაციის ამაღლებისა და საინოვაციო სფეროს განვითარების კუთხით.
„ცვლილებების მიღება და ევროპის საპატენტო ორგანიზაციასთან ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლა წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს საქართველოში საპატენტო სისტემის შემდგომი განვითარებისთვის, რაც გააძლიერებს სამრეწველო საკუთრების დაცვას საქართველოში და, ასევე, ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მიზნების მიღწევას და ევროკავშირის ბაზარზე საქართველოს ეკონომიკის თანდათანობით ინტეგრაციას. ასევე, გაამარტივებს მოლაპარაკებებს საქართველოს ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაც შემდგომში კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას.
გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებების პროექტის საფუძველზე, საქართველოს საპატენტო კანონის რიგი დებულებები შესაბამისობაში იქნება მოყვანილი ევროპის საპატენტო კონვენციასთან (EPC), საპატენტო კანონის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებასთან (PLT) და ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან“.
კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კონსტიტუციით ფუნდამენტურ უფლებადაა აღიარებული ინტელექტუალური საკუთრების უფლება.
„როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, შეიძლება არსად ისეთი მწვავე საჭიროება არ იყოს საერთაშორისო თანამშრომლობისა, როგორც ჩვენს ეპოქაში - გლობალიზაციის ეპოქაში საერთაშორისო ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და რეგულირების კუთხით“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.