logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: თუ ვინმე ასოცირებული ტრიოდან კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, ეს საქართველოა - ამას ევროკომისიაშიც აღიარებენ
- +

3 ივნისი. 2022. 17:33

 

 

„თუ ვინმე ასოცირებული ტრიოდან კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, ეს არის საქართველო. ევროკომისიაშიც აღიარებენ ამას. საქართველომ კითხვარი დამოუკიდებლად შეავსო. საქართველომ რეკორდულად მცირე დროში შეავსო კითხვარი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, კითხვარის შესავსებად, 6-9 თვე ჰქონდათ მიცემული. ამ მხრივ, ჩვენ, დარწმუნებულები ვართ, ყველანაირ კრიტერიუმს ვაკმაყოფილებთ. რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ევროპაში არიან სკეპტიკოსი სახელმწიფოები, რომლებიც ზოგადად არ არიან კეთილგანწყობილი გაფართოების მიმართ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ვხვდებით ყველას. ყველანაირ პლატფორმას გამოვიყენებთ, რომ შევხვდეთ არამარტო მხარდამჭერ ქვეყნებს, არამედ სკეპტიკოსებსაც და ყველა დავარწმუნოთ. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური საკითხი.

 

გადაწყვეტილება მიღებული არ არის და სჭირდება ჩვენი და მეგობრების მხრიდანაც მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კომისიის დასკვნა, რომელსაც 2 კვირაში ველოდებით. დისკუსიები რაც მაგალითად სლოვაკეთში იმართება, ეხება არა ტექნოკრატიულ და ბიუროკრატიულ საკითხებს ეხება, არამედ გეოპოლიტიკურ საკითხებსაც. ევროკავშირის წესებიდან და უამრავი კრიტერიუმიდან გამომდინარე, ყველა ძალიან კარგად ხვდება რომ კანდიდატის სტატუსი მინიჭება 6 თვეში ან წელიწადში წევრობას არ ნიშნავს. ამ შიშების დაბალანსება შეიძლება.

 

ჩვენ ყველასთან ძალიან ღიად ვამბობთ, რომ ახლა მთავარია სტატუსის მიღება და ეს მოგვცემს სტიმულს, რეფორმები დავაჩქაროთ. ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ პროცესს შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს. მათთვის ჩვენი პოზიცია ნათელია, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებას არ ვაპირებთ ბოროტად გამოვიყენოთ და არ მოვითხოვთ 6 თვეში წევრობას . ეს მათთვის ნათელი უნდა იყოს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

ევროკომისიამ კითხვარის ქართული პასუხების შესახებ მოსაზრებები ევროკავშირის ლიდერებს, 24-25 ივნისის სამიტზე უნდა გაუზიაროს. მთავრობის მეთაურმა კარლ ჰარცელს კითხვარის მეორე და საბოლოო ნაწილი 10 მაისს გადასცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner