logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკეთის მხრიდან მივიღეთ უპირობო გზავნილი, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას
- +

3 ივნისი. 2022. 18:38

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლებში, სლოვაკეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, მილან ლავრენჩიკს და თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს, იურაი კრუპას შეხვდა.

 

შეხვედრებზე საუბრის ძირითადი თემები იყო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ნატო-ს მოახლოებული სამიტი.

„სლოვაკეთის მხრიდან მივიღეთ უპირობო გზავნილი, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ასევე, მხარს დაუჭერენ ნატო-ს მადრიდის კომუნიკეში უფრო მკაფიო სიგნალებს საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

შეხვედრისას, საუბარი შეეხო ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების განვითარებას. სლოვაკურმა მხარემ გამოთქვა ინტერესი საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისინი ოფიციალური ვიზიტით მოიწვია საქართველოში.

 

ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკ კოლეგებს მიაწოდა  ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და რუსეთის მხრიდან გადადგმულ აგრესიულ, მათ შორის, ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებზე.

 

მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები. სლოვაკეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მასტაბილიზირებელ როლს სამხერთ კავკასიაში და მის მნიშვნელობას შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner