სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის, კოკა კაციტაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დამატებითი ექსპერტიზა ადვოკატის განცხადების საფუძველზე დაინიშნა.
როგორც კაციტაძე განმარტავს, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უკავშირდება.
„ამ საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ, 9 ნოემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო, რომელთა მხრიდანაც ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, დანიშნულია 8 სახის ექსპერტიზა - სასამართლო-სამედიცინო, ფსიქოლოგიური, ვიდეოტექნიკური, ჰაბიდოსკოპიური და ა.შ. რომლის ერთადერთი მიზანი არის გამოძიებისთვის საინტერესო საკითხებზე პასუხის გაცემა. 1-ელ მარტს, როცა სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეიქმნა, მან გადაიბარა ამ საქმის გამოძიება და ჩვენ აქტიურ რეჟიმში გავაგრძელეთ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება. ჩვენი მოსვლის დღეს, დაგვხვდა განცხადება, რომელიც იყო შემოტანილი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მხრიდან თებერვლის ბოლოს, სადაც ისინი დამატებითი ექსპერტიზების ჩატარებას ითხოვდნენ და მათ შორის, წარმოდგენილი იყო 30-პუნქტიანი შეკითხვები, თუ რა შეკითხვებზე პასუხის გაცემა სურდათ ექსპერტიზისგან. ჩვენ დავიწყეთ ამ განცხადების შესწავლა, 49 პირი დავკითხეთ, მათ შორის, მედპერსონალი, ასევე პენიტენციური სამსახურის დანაყოფის ხელმძღვანელები, ვისაც რაიმე სახის შეხება ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილთან, გამოვითხოვეთ სხვადასხვა სახის დოკუმენტები, მათ შორის, სამედიცინო ისტორიები და როცა მოვაგროვეთ ამომწურავი ინფორმაცია და ეს საგამოძიებო მოქმედებები დავასრულეთ, ამის შემდეგ დავნიშნეთ ადვოკატის მოთხოვნით, ადვოკატის განცხადების საფუძველზე ეს დამატებითი ექსპერტები. ეს გახლავთ კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ეს არის ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც არ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილისამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობას, გამოძიების შესწავლის საგანს, ამ შემთხვევაში, როგორც ამას ადვოკატები განცხადებაში აყალიბებენ, წარმოადგენს მე-12 და მე-18 დაწესებულებაში, ასევე გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებული მოვლენები, თუ რამდენად ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწია მიხეილ სააკაშვილს და ასევე, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, უნდა შეისწავლოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებული მოვლენების შედეგად რაიმე ფსიქოლოგიური ზიანი მიადგა თუ არა მას. ამ ექსპერტიზებს არანაირი კავშირი სხვა მიმდინარე ექსპერტიზებთან არ აქვს, რადგან ეს ამჟამინდელ მდგომარეობას არ სწავლობს“, - აცხადებს კაციტაძე.