ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის ნაწილის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მინიჭების საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის ოპონენტები ამ საკითხს საკუთარი შიდაპოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს.
„პირდაპირ უნდა ითქვას რა არის ახლა რადიკალური ოპოზიციის მიზანი - იქნებ რამენაირად საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება გაუჭირდეს ან რაიმე შეფერხება მოხდეს, რომ ეს შიდაპოლიტიკური არეულობისა და ხელისუფლების საწინააღმდეგო ტალღის ასაგორებლად გამოიყენონ. ეს არის მათი რეალური მიზანი. მზად არიან ამ მიზნისთვის აკეთონ ასეთი განცხადებები. რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად დამაზიანებელი, როდესაც ქვეყნის შიგნიდან ოპოზიციას ასეთი ნარატივით საუბრობს. არცერთ ქვეყანაში, რომელსაც ეს გზა აქვს გავლილი ან ახლა გადის, ოპოზიცია ამას არ კადრულობს. იმიტომ რომ მათ კარგად ესმით, რომ ერთია შიდაპოლიტიკური მიზნები და მეორეა საერთო სახელმწიფოებრივი და ეროვნული მიზნები“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.