ხელისუფლებას სურს, ქვეყანა მიიყვანოს ევროკავშირთან და ევროკავშირში გააწევრიანოს და ფაქტობრივად, ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ისტორიას დარჩება ის ფაქტი, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ჩვენ მოვახდინეთ ძალიან დიდი გარღვევა, გამოვიყენეთ ყველა საშუალება იმისთვის, რომ ევროპულ ოჯახს დავახლოებოდით, სადაც არის ჩვენი ისტორიული კუთვნილი ადგილი. დავესესხები პრემიერის: ახლა უარის თქმა ეს იქნება ევროპის მარცხი კავკასიაში, ეს იქნება სიგნალი პუტინისთვის და რუსეთისთვის, რომ საქართველო მარტოა დარჩენილი და პარტნიორების მიერ მიტოვებულია და ეს იქნება კიდევ ერთი ევროკავშირის მიერ დაშვებული დიდი შეცდომა“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
ევროკომისიამ კითხვარის ქართული პასუხების შესახებ მოსაზრებები ევროკავშირის ლიდერებს, 24-25 ივნისის სამიტზე უნდა გაუზიაროს. მთავრობის მეთაურმა კარლ ჰარცელს კითხვარის მეორე და საბოლოო ნაწილი 10 მაისს გადასცა.