"რუსეთი ცდილობს გარკვეული წნეხის ქვეშ ჰყავდეს არა მარტო ევროკავშირი, არამედ მთელი მსოფლიო თავისის სასურსათო უპირატესობით, რომელიც მას გააჩნია," - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო არ დადგება რომელიმე პროდუქციის დეფიციტის წინაშე, რომელიც აქამდე რუსეთიდან მოდიოდა, რადგან ჩვენ, მეტ-ნაკლებად გვაქვს იმისი რესურსი, რომ რუსეთიდან ვერ მიღებული პროდუქტი დავაბალანსოთ.
„რუსეთი, ერთი მხრივ ცდილობს დაანახოს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საერთაშორისო ასპარეზიდან მისი გარიყვა ასეთი მარტივი არ არის. მაგრამ, მეორე მხრივ რომ შევხედოთ თანამედროვე სამყაროს სადაც მორალზე, დემოკრატიაზე და მსგავს საკითხებზე ხშირად არის საუბარი, ეს ყველაფერი საერთოდ არავითარ კონტექსტში არ ჯდება. როგორ შეიძლება ერთი სახელმწიფო იარაღად იყენებდეს მეორე სახელმწიფოს შიმშილს.
მე არ ველი, რომ ევროკავშირი ან თუნდაც საქართველო დადგება რომელიმე პროდუქციის დეფიციტის წინაშე, რომელიც რუსეთიდან მოდიოდა აქამდე, რადგან ჩვენ, მეტ-ნაკლებად გვაქვს იმისი რესურსი, როგორც ტექნიკური ასევე ფინანსური, რომ დავაბალანსოთ რუსეთიდან ვერ მიღებული ესა თუ ის პროდუქტი, მაგრამ მსოფლიოში უამრავი ქვეყანაა, ვისაც არ აქვს ასეთი ტექნიკური შესაძლებლობა. ამიტომ მორალური მხარე მაინც ამერიკისა და ევროკავშირის მხარეს იქნება ნეგატიურ კონტექსტში, რომ ისინი ვერ ახერხებენ თავიანთი პარტნიორები უზრუნველყონ თუნდაც სასურსათო უსაფრთხოებით, ბევრ ქვეყანას შეიძლება სასურსათო დეფიციტი შეექმნას და შესაბამისად შიმშილიც კი დაემუქროს - მდგომარეობა ცუდია“, - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.