თბილისის საქალაქო სასამართლო ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტელევიზიამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
„4 ივნისს ეთერში გავიდა ტელეკომპანია „პირველის“ მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელშიც მოყვანილი იყო არასწორი ინფორმაცია შ.ჯ.-ს მიერ ჩადენილი შესაძლო სისხლის სამართლებრივი დანაშაულის გამო, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ.
უნდა აღნიშნოს, რომ ტელეკომპანია „პირველის“ მიერ მოყვანილი ფაქტები წარმოადგენს რეალობის მორიგი, განზრახი დამახინჯების მცდელობას, რაც ემსახურება სასამართლოს დისკრედიტაციას.
2022 წლის 3 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მომართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა და ითხოვა ბრალდებულ შ.ჯ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება.
ბრალდებულ შ.ჯ.-ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ბრალდების დადასტურების შემთხვევაში ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან ექვს წლამდე), ორი ეპიზოდი.
საქმის მასალების მიხედვით შ.ჯ.-მ 2022 წლის 01 ივნისს, დაახლოებით 07:50 საათზე ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარედ განთავსებული შპს „ბუბუს“ კუთვნილი ჯიხურის მინა დააზიანა, საიდანაც აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შპს „ბუბუ“-ს კუთვნილ 03 (სამი) ბოთლს ალკოჰოლურ სასმელს და გაიქცა დანაშაულის ჩადენის ადგილიდან, აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულს მიადგა 350 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2022 წლის 1-ელ ივნისს, დაახლოებით 08:30 საათზე, შ.ჯ.-მ ქ. თბილისში, მიცკევიჩის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ა.ბ.-ს პერანგის ჯიბეში ჩაუყო ხელი და აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ამოაცალა კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი და გაიქცა დანაშაულის ჩადენის ადგილიდან, აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულს მიადგა 800 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლო ხელმძღვანელობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ჩასატარებელია, როგორც საპროცესო ისე საგამოძიებო მოქმედებები. ბრალდებულ შ.ჯ.-ს ბრალი ედება საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ორი ეპიზოდის შესაძლო ჩადენაში, ამასთან როგორც სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ განმარტა, ბრალდებულს აქვს ფსიქიკური პრობლემები და არ ახსოვს შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა. ხოლო პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდებული შ.ჯ. დროებითი მოთავსების იზოლატორში გახდა აგრესიული, რიც გამოც გადაყვანილი იქნა „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“.
ყოველივე აღნიშნული იძლევა საფუძველს ვარაუდისთვის, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობებში ბრალდებული განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი (მტკიცებულებითი), ისე ფორმალური საფუძვლები, რის გამოც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე“, - აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.