logo_geo
eng_logo
მედიის ინფორმაციით, ესპანეთი მზად არის, უკრაინას ტანკები და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები მიაწოდოს
- +

5 ივნისი. 2022. 12:59

 

 

მედიის ინფორმაციით, ესპანეთი მზად არის, უკრაინას ტანკები და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები მიაწოდოს. აღნიშნულის შესახებ „ელ პაისი“ ესპანეთის მთავრობაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

 

როგორც მედია წერს, ესპანეთის მთავრობა მზად არის, ნახტომი გააკეთოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მიმართულებით და თუ აქამდე მხოლოდ საბრძოლო მასალას, დამცავ აღჭურვილობას და მსუბუქ იარაღს აწვდიდა, უკვე მძიმე იარაღის მიწოდებაც იგეგმება.

 

გამოცემის ცნობით, ესპანეთის თავდაცვის სამინისტრო უკვე გეგმავს კიევისთვის მოკლე დისტანციაზე სროლისთვის განკუთვნილი საზენიტო-სარაკეტო სისტემის Shorad Aspide-ის მიწოდებას, რომელიც ესპანეთის თავდაცვამ სხვა, უფრო მოწინავე სისტემით ჩაანაცვლა.

 

„ელ პაისის“ ინფორმაციით, ესპანეთის მთავრობა ასევე მზადაა, მიაწოდოს უკრაინას Leopard A4 ტიპის საბრძოლო ტანკები, რომლებიც სარაგოსაში მდებარე სამხედრო ბაზაზე არის განთავსებული და შეკეთებას საჭიროებს. წყაროების შეფასებით, შესაძლებელია დაახლოებით 40 ტანკის შეკეთება და უკრაინისთვის გადაცემა. ამასთან, ესპანეთმა უკრაინას ამ საბრძოლო ტანკების მართვაში სამხედროების მომზადებაც შესთავაზა. სწავლებას უკრაინელი სამხედროები ჯერ ლატვიაში გაივლიან, სადაც ესპანეთს 500-ჯარისკაციანი კონტიგენტი ჰყავს განთავსებული, ხოლო შემდეგ ესპანეთში გააგრძელებენ.

 

გამოცემის ცნობით, ზემოაღნიშნული იარაღის მიწოდებისა და უკრაინელი ჯარისკაცების გადამზადების შესახებ, ვოლოდიმირ ზელენსკის ესპანეთის პრემიერმა, პედრო სანჩესმა კიევში ვიზიტისას განუცხადა აპრილის თვეში, თუმცა მიწოდებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო ამ დრომდე გადადებული იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner