logo_geo
eng_logo
ქოთნის მცენარეების დადებითი თვისებები და მათი მოვლა, როგორც საუკეთესო ჰობი!
- +

16 აგვისტო. 2016. 04:08


ქოთნის მცენარეებით სახლის გაფორმება არც თუ ისე ახალი მიმდინარეობაა. ალბათ იშვიათად თუ ნახავთ სახლს, სადაც ერთი მცენარე მაინც არ არის. ჩვენ მოგვწონს ლამაზი და განსხვავებული მცენარეები, მათი მოვლა კი საკმაოდ პოპულარული ჰობია, რომლითაც უამრავი ადამიანია დაკავებული. თუმცა, გარდა იმისა, რომ ქოთნის მცენარეები თქვენს საცხოვრებელ გარემოს ალამაზებენ, ისინი მის გაჯანსაღებაზეც ზრუნავენ. კვლევები ადასტურებენ, რომ სახლის მცენარეებს დადებითი გავლენა აქვთ ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. და მართლაც, ამ მშვენიერ ქმნილებებს შეუძლიათ იმაზე მეტი სარგებელი მოგვიტანონ ვიდრე წარმოგვიდგენია.


 



გარდა იმისა, რომ მცენარეები ასუფთავებენ სახლში არსებულ ჰაერს, ისინი გვეხმარებიან უკეთ სუნთქვაში, ჟანგბადის აქტიურად მოწოდებით. ისეთ გამორჩეულ მცენარეებს, როგორიცაა ორქიდეები, ბრომილიასებრნი, ქსანტორეასებრნი, შეუძლიათ ჟანგბადი ღამითაც მოგვაწოდონ. ეს კი დადებითად აისახება ჩვენ ჯანმრთელობაზე. ფიტორემედიაციის დახმარებით, მცენარეებს შეუძლიათ ჰაერიდან მავნე ნივთიერებები, აქროლადი ორგანული ნაერთები გააქრონ და გაწმინდონ ის ტოქსინებისგან. ეს თვისება განსაკუთრებით აქვს დრაცენას, ინგლისურ სუროს, სატაცურს და სხვ. ალბათ დამეთანხმებით, რომ დღევანდელ გარემოში, სუფთა ჰაერი ის აუცილებელი კომფორტია, რომელიც ჩვენ თავს უნდა შევუქმნათ. თუმცა, ჰაერის გაწმენდა ქოთნის მცენარეების ერთ-ერთი დადებითი თვისებაა და არა ერთადერთი.

 



 



იცოდით, რომ მცენარეები ადამიანს აბედნიერებს? შეიძლება მცენარეების მოვლა თქვენი საყვარელი საქმიანობა სულაც არ იყოს, თუმცა ეს არ უშლით მათ ხელს, თქვენ ბედნიერებაზე იზრუნონ. კვლევებით დასტურდება, რომ მცენარეების გავლენით ადამიანი ებრძვის სტრესს, დაძაბულობასა და შფოთვას. მცენარეებით სავსე გარემო ზრდის სიმშვიდის, სტაბილურობისა და ოპტიმიზმის შეგრძნებას. მატებს ადამიანს თვითრწმენასა და საკუთარი თავის სიყვარულს, რაც საერთო ჯამში მას აბედნიერებს. ასე, რომ ნუ მოერიდებით სახლში სხვადასხვა ქოთნის მცენარის გაზრდას. მაქსიმალურად აითვისეთ ცარიელი ადგილები, გააფორმეთ აივნები, მოაჯირები. ეს გაალამაზებს და საოცრად დადებითი მუხტით აავსებს თქვენს საცხოვრებელ გარემოს.

 


 



ჰაერი მიწოდებითა და ნახშირორჟანგის შთანთქმით მცენარეები ხელს უწყობენ ღრმა ძილსაც, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ადამიანის მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. მაგალითად გერბერა, რომელიც ბევრს მხოლოდ ლამაზი ყვავილი გონია, ამ ფუნქციას წარმატებით ასრულებს და მშვენიერი დანამატია მათი საძინებელი ოთახისთვის, ვისაც უძილობა აწუხებს.

 


 


ცოცხალ არსებაზე ზრუნვა ყოველთვის ეხმარება ადამიანს დეპრესიის დაძლევაში და შემეცნებითი ფუნქციის განვითარებაში. თქვენ შეიძლება არ შეგიძლიათ რომელიმე შინაური ცხოველის ყოლა, მაგრამ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, თუნდაც ერთი პატარა, მცენარის ქონა და მასზე ზრუნვა. ისინი, ხომ სხვა ბევრ კეთილ საქმესთან ერთად აუმჯობესებენ კონცენტრაციას, მეხსიერებას, მიზანსწრაფულობას და გამახვილებულ ყურადღებას. ასევე მოქმედებენ ადამიანის კრეატიულობაზე. ასე, რომ ეცადეთ შემატოთ მეტი სიმმწვანე თქვენ საცხოვრებელ გარემოს, აავსოთ ის პოზიტივით. რაც არ უნდა დაკავებული იყოთ, მცირე დრო მაინც დაუთმეთ ამ მშვენიერ, ცოცხალ ქმნილებებს, ისინი კი სამაგიეროდ, აუცილებლად იზრუნებენ თქვენზე და თქვენ ცხოვრებას სილამაზეს და ბედნიერებას შემატებენ.
right_banner right_banner
არქივი
right_banner