logo_geo
eng_logo
იოსებ ჭუმბურიძე თემურ ჩხეიძეზე: რამდენიმე წლის წინათ, ინტერვიუში იხუმრა, უკვე ისეთ ასაკში ვარ, რომ მოვკვდე, არავინ იკითხავს, რა მოუვიდაო?!
- +

6 ივნისი. 2022. 13:33

 

 

ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში რეჟისორ თემურ ჩხეიძის გარდაცვალებას ეხმიანება და პოსტს აქვეყნებს:

 

„ახლა ვერავინ იტყვის, მისი ფასი არ ვიცოდითო.

როგორ არ ვიცოდით?!

ეს კი შეიძლება, ვთქვათ:

თვითონ არ იცოდა!

ეს - არაფერი!

ფიროსმანმა იცოდა?!

„არაყს დალევდა და მთელ თბილისს დაგიხატავდა"...

***

წუხელ ვუყურებდი და ვუსმენდი საზოგადოებრივი მაუწყებლის „აუტანელ სიმსუბუქეს"...

რა მძიმე იყო თემურ ჩხეიძის აზრები!

მაგრამ...

ნახეთ, რა თქვა?!

დისიდენტი არასოდეს ვყოფილვარო.

აბა „გუშინდელნი" რა იყო?!

სპექტაკლი, რომელზეც სულ ახლახან თქვა რობერტ სტურუამ, - შემშურდაო?!

განა შესაძლებელია, რობერტ სტურუას რომელიმე რეჟისორის რომელიმე სპექტაკლი შეშურდეს?!

გნებავთ -  აქ და გნებავთ - მთელს მსოფლიოში?!

მაგრამ ამით ხაზი გაუსვა თემურ ჩხეიძის დიდ რეჟისორობას.

დიდს დიდისა არ ეშინია.

***

დისიდენტი არასოდეს ვყოფილვარო?!

აბა რა იყო „ჯაყოს ხიზნები?!"

ჯერ -  ტელევიზიაში,

შემდეგ - მარჯანიშვილში.

რა ისმოდა სცენიდან და ეკრანიდან?!

„მარქსისტები ერთ რამეში მაინც არ ცდებოდნენ"...

ანუ?!

სხვა ყველაფერში ცდებოდნენ?!

„მე იმას ბავშვებს ვერ ვასწავლი, რაც თვითონ არ მჯერა" - ო?!

მეორე კურსის სტუდენტი ვმონაწილეობდი „ჯაყოს ხიზნების" სატელევიზიო განხილვაში.

იქ იყო ხალხი, რომელიც რეჟისორს მიხეილ ჯავახიშვილის ბედისთვის იმეტებდა.

მაშინ მივხვდი, რა იყო ოცდაჩვიდმეტი.

***

დისიდენტი არასოდეს ვყოფილვარო?!

ანზორ ერქომაიშვილიც ასე ამბობდა, - მოღვაწე არა ვარო(?!).

არა ამ დიდებს ვერაფერს გაუგებ.

***

თემურ ჩხეიძეს, ჩვეულებრივ, ფსიქოლოგიური თეატრის რეჟისორად მიიჩნევენ.

ზოგი ამაზე დავობს - ასეთი თეატრი არ არსებობსო.

მაგრამ რა დროს დავაა?!

თემურ ჩხეიძეს ვეთხოვებით.

ერთი დანამდვილებით ვიცი:

თემურ ჩხეიძის თეატრი ზედმიწევნით უპასუხებდა ილიას   მოთხოვნას:

„ჩვენს სცენას ორ ღვაწლსა ვთხოვთ"...

ენა და ზნეობაო!

***

და კიდევ:

ერთია რეჟისორი, მაგრამ ვინ შეცვლის თემურ ჩხეიძეს - პედაგოგს?!

***

ვაი, რომ ასეთი დაუნდობლობით გრძელდება ჩვენი გაღარიბება...

***

რამდენიმე წლის წინათ, ინტერვიუში იხუმრა, უკვე ისეთ ასაკში ვარ, რომ მოვკვდე, არავინ იკითხავს, რა მოუვიდაო?!

აქ კი შეცდით, ჩემო ძვირფასო ბატონო თემურ:

ქართული ენისა და ლიტერატურის არაჩვეულებრივმა პედაგოგმა, ქეთევან ძაგნიძემ თქვენი გარდაცვალების ამბავი ფეისბუქში ასე შეიცხადა:

„ვაიმე, რა დაემართა?!"

***

ეს ჩვენ დაგვემართა!“, - წერს იოსებ ჭუმბურიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner