2022 წლის 2-4 ივნისს ქ. ბაქოში (აზერბაიჯანი) გაიმართა სოციალურ მეცნიერებათა VII საერთაშორისო კონგრესი, რომლის მუშაობაში საქართველოდან, ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციაც (პროფესორი ზურაბ ხონელიძე (კონგრესის სექციის თავმჯდომარე), ასოცირებული პროფესორი ლია ახალაძე, პროფესორი ომარ არდაშელია) მონაწილეობდა, რექტორის, პროფესორ ზ. ხონელიძის, ხელმძღვანელობით.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციამ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე წარმოადგინა მოხსენებები. განსაკუთრებით დიდი დაინტერესება, ბუნებრივია, „საუნივერსიტეტო დიპლომატიამ“ და ბატონი ზურაბის ახალ მონოგრაფიას მოჰყვა. სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მეცნიერების შეფასებით, ეს არის ძალიან საინტერესო იდეა, რომელსაც ბევრი საერთაშორისო პრობლემის გადაჭრა შეუძლია. მათ შორის, სამხრეთ კავკასიის გადაუჭრელი საკითხებისა, რომელიც აგერ, მესამედი საუკუნეა, რეგიონის სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას ხელს უშლის. ამიტომაც საჭიროა „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ მხარდაჭერა და შემდგომი პოპულარიზაცია საერთაშორისო სამეცნიერო, აკადემიურ და პოლიტიკურ ასპარეზზე.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, კონგრესის ფარგლებში, აქტიურად აწარმოებდა ორმხრივ შეხვედრებს: აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მეგობრებთან აზერბაიჯანის ხელისუფლებიდან, სხვადასხვა უცხოური უნივერსიტეტების რექტორებთან და საქართველოს ელჩთან. შეხვედრებზე საუბარი ეხებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიასა და როლს როგორც ქართულ, ისე – საგანმანათლებლო სივრცეში; საუნივერსიტეტო დიპლომატიის არსსა და მნიშვნელობაზე, როგორც მშვიდობის ახალ ქართულ პარადიგმაზე.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციამ, რექტორ ზურაბ ხონელიძის ხელმძღვანელობით, წარმატებით იმუშავა ბაქოში. დაიგეგმა ახალი ორმხრივი და რეგიონალური სასწავლო-სამეცნიერო თანამშრომლობის პერსპექტივები.