„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კონცეფციაზე, პროექტირებაზე მუშაობა დასრულდეს რამდენიმე თვეში და ჩვენი დიდი სურვილია, რომ წლის ბოლოს იქ უკვე დავიწყოთ სამუშაოები, ეს არის ჩვენი გეგმა და რა თქმა უნდა, ამის თაობაზე პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს მოქალაქეებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის მიწის გადაცემაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც კი მზად იქნება კონცეფცია და პროექტი, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.
„იორდანიის ვიზიტთან დაკავშირებით მე მინდა, ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ წარმატებით დასრულდა ეს პროცესი - გადმოგვეცა მიწის ნაკვეთი მდინარესთან ძალიან ახლოს, იქვე, ათ მეტრში. ასე რომ, ჩვენ დავიწყებთ ახლა მუშაობას აქტიურად, მოგეხსენებათ, რომ კომისია გვაქვს შექმნილი, სადაც ჩართულნი იქნებიან საპატრიარქოს წარმომადგენლები. მინდა, რომ ამ კვირაში უკვე შევიკრიბოთ, პირველი შეხვედრა გავმართოთ. დავიწყოთ აქტიური მუშაობა ზოგად კონცეფციაზე, პროექტირებაზე და როგორც კი მზად იქნება კონცეფცია და პროექტი, დაიწყება მუშაობა და სამშენებლო სამუშაოები. ამის თაობაზე მინდა გითხრათ, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კონცეფციაზე, პროექტირებაზე მუშაობა დასრულდეს რამდენიმე თვეში და ჩვენი დიდი სურვილია, რომ წლის ბოლოს იქ უკვე დავიწყოთ სამუშაოები, ეს არის ჩვენი გეგმა და რა თქმა უნდა, ამის თაობაზე პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა პრემიერმა.